არჩევნები 2018

კალაძე: ეს ბილბორდები კერძო სექტორმა გამოაკრა, ჩვენ ტექნიკურად დავეხმარეთ

ტაბულა

ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, ბილბორდები "არა ნაცებს, არა ბოროტებას" კერძო სექტორმა გამოაკრა. კალაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მათ მხოლოდ ტექნიკურად დაეხმარა.

"თქვენ ხომ იცით, ვინ გამოაკრა ეს ბილბორდები? ეს გამოაკრა კერძო სექტორმა. მათ ჰქონდათ ტექნიკური პრობლემები და ჩვენ დავეხმარეთ ამ პრობლემების მოგვარებაში, ეს ადამიანები თქვენი ხელისუფლების დროს არიან რეპრესირებული ადამიანები, მათ წაართვით ბიზნესები, მათ წაართვით ქონება, გაუნადგურეთ ცხოვრება ამ ადამიანებს და არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ დღეს ეს ადამიანები გამოდიან" - მიმართა კალაძემ რუსთავი 2-ს და დაამატა, რომ ტელეკომპანია არაფრით არ განსხვავდება ნაციონალური მოძრაობისგან.

"ეს არის პარტიული ტელევიზია, შევთანხმდეთ. ამაზე თქვენი გენერალური დირექტორიც ღიად საუბრობს და არ მალავს. ესეც მისაღებია. დემოკრატიულ ქვეყენაში ნორმალურია, რომ ვთქვათ, იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ არანორმალურია იმ სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ მთელი წლების განმავლობაში" - თქვა თბილისის მერმა და ჟურნალისტის რეპლიკაზე, "მგონი, ცოტა უხერხულია ყველაფრის რუსთავი 2-სთვის დაბრალება", აღნიშნა - "ჩემგან არა, თქვენგან უნდა იყოს უხერხული".

თბილისში ახალი ბილბორდები - "არა ნაცებს, არა ბოროტებას", 18 ნოემბერს გამოჩნდა. ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, ბანერები "პატრიოტთა ალიანსის" დაკვეთით განთავსდა.

კომენტარები