WizzAir

30-მდე მგზავრი მილანიდან ქუთაისში ვერ გამოფრინდა - WizzAir-ის ცნობით, მათ რეისზე დააგვიანეს

WizzAir

30-მდე მგზავრი 12 ნოემბრის რეისით მილანის მალპენსას აეროპორტიდან ქუთაისში ვერ გამოფრინდა. მათი მტკიცებით, ავიაკომპანია Wizz Air-მა თვითმფრინავში არსებულ ადგილებზე მეტი ბილეთი გაყიდა და "ვინც ვერ ჩაეტია, არ შეუშვეს".

Wizz Air ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ზოგიერთი მგზავრი აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ნაწილმა კი - რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე.

"ამან მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციის პროცედურა მილანის მალპენსას აეროპორტში. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ვერ მოხვდა ავიახომალდის ბორტზე.

Wizz Air ყველა მგზავრს სთხოვს, გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ 2 საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი, მინიმუმ 40 წუთით ადრე" - აცხადებს ავიაკომპანია და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მათ ბარგის ახალი პოლიტიკა აქვთ. 1 ნოემბრიდან, მგზავრებს ბორტზე უფასოდ მხოლოდ მცირე ზომის ჩანთის (40x30x20 სმ) ატანა შეუძლიათ. სტანდარტული 10 კგ-იანი გორგოლაჭიანი ჩემოდნით (55-40-23სმ) მგზავრობა ფასიანი გახდა - მომხმარებელს Wizz Priorirty-ს სერვისით სარგებლობა უწევს, რომლის ღირებულებაც ერთ გზაზე 5-10 ევროა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მილანის მალპენსას აეროპორტში ათეულობით ქართველი მგზავრი რეისზე ასვლას ვერ ასწრებს. ერთერთი ვერსიით, მიზეზი ისიც არის, რომ ამ აეროპორტში, ჯერ Duty Free-ს ზონაა, ხოლო შემდეგ იწყება პასპორტ კონტროლი, რის გამოც, მგზავრებს ფრენაზე აგვიანდებათ.

კომენტარები