სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ენმ-სთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატიოს სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიანდ ა ისინი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

"ბოლო დღეებში, კერძოდ, 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების თეიმურაზის და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართ ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა - შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევ. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით. იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის ღირსების და თავდადების სიმბოლოა. სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები, რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება. ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთი პოლიტიკური მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები. ამ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია, და ერთერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება, მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მომხდარზე სათანადო რეაგირება მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუქარის ავტორებთან ერთად გაიზიარებენ მომხდარზე პასუხისმგებლობას. 

"მივმართე შსს-ს და შესაბამის უწყებებს რათა დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ. მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ რომ ჩემი პირველი მიმართავ გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს, დარჩა რეაგირების გარეშე, იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხიმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება ამ მოჰყვება." - ამბობს ზურაბიშვილი.

კომენტარები