აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

გახარია: კარავი არ ყოფილა თვითმიზანი, დავინახეთ დესტაბილიზაციის რისკი

შსს

შს მინისტრის თქმით, პოლიცია პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და დესტაბილიზაციის რისკების გამო „იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედა“. მისივე თქმით, პოლიცია მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს.

გიორგი გახარია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას სამეგრელოდან გამოეხმაურა:

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ყოველთვის. ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარვებს.

პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ, აქედან გამომდინარე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას უზრუნველყოს უსაფრთხოება მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების“, - თქვა გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე თქვა, რომ „ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა“.

ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ. პოლიციასთან მომხდარი ერთერთი დაპირისპირებისას, ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. სარალიძემ თბილისის მერიას აქციის გაგრძელების შესახებ შეატყობინა, პასუხად მას 7 დეკემბრიდან ტერიტორიის დატოვება სთხოვეს, რადგან იქ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას. 10 ნოემბერს მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა - ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებოს ბრიგადამ გადაიყვანა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 20-მდე კარავია გაშლილი.

კომენტარები