არჩევნები 2018

შსს: 10:00-ის მდგომარეობით, არჩევნებზე რაიმე სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ თქვა, რომ პოლიციის ინფორმაციით, "რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია". შსს აღნიშნავს, რომ უწყების ამოცანაა, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება.

"როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო.

ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ.

სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე შექმნილ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში დამატებით მოახდენს საზოგადოებს ინფორმირებას" - აცხადებს ნინო ჯავახაძე.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობამ რიგით მეხუთე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებისთვის 50%-ს + 1 ხმა სჭირდება. თუ არჩევნებზე მისული მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ დაუჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნება.

კომენტარები