არჩევნები 2018

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ტაბულა

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. საქართველოს მოსახლეობამ რიგით მეხუთე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებისთვის 50%-ს + 1 ხმა სჭირდება. თუ არჩევნებზე მისული მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ დაუჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნება.

3 703 უბანი 08:00-ზე გაიხსნება, მათ შორის, 55 საზღვარგარეთ, 11 კი - გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ. 

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 - კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

არჩევნებში კენჭს იყრიან შემდეგი კანდიდატები: 

N1 მიხეილ ანთაძე - სახელმწიფო ხალხისთვის

N2 დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის

N4 ვახტანგ გაბუნია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

N5 გრიგოლ ვაშაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

N10 შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია

N13 ზვიად მეხატიშვილი - საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

N17 გიორგი ლილუაშვილი - საქართველო

N18 აკაკი ასათიანი - ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

N21 კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო

N23 ირაკლი გორგაძე - მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის

N25 დავით უსუფაშვილი - თავისუფალი დემოკრატები

N27 ზვიად ბაღდავაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

N28 მიხეილ (გელა) სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

N30 ზვიად იაშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

N35 გელა ხუციშვილი  - საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

N36 ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი

N40 ლევან ჩხეიძე - ახალი ქრისტიან-დემოკრატები

N48 სალომე ზურაბიშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი 

N49 ბესარიონ თედიაშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს, მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედიის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აქედან, 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

"შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია. მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე. 28 ოქტომბერს ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე" - განაცხადა გუშინდელ შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე შეახსენებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

"28 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge." - ამბობს თამარ ჟვანია.

კომენტარები