არჩევნები 2018

R2-ის დაკვეთილი კვლევა: ვინც მიდის არჩევნებზე, 37% ხმას ვაშაძეს აძლევს, 32% ზურაბიშვილს, 16% - ბაქრაძეს

Edison Research-ის სრული ალოკაციის მიხედვით ჩატარებული კვლევის შედეგებით, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 37% ხმას "ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, სალომე ზურაბიშვილს - 32%, ხოლო დავით ბაქრაძეს - 16%;

რუსთავი 2-ის ცნობით, მათი დაკვეთით, Edison Research-მა ის ამომრჩევლები გამოკითხა, ვინც მიდის არჩევნებზე და  გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. „რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ორგანიზაციამ მოსახლეობის ამ ნაწილს დაუსვა კითხვა, "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას.

ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა. კვლევის ცდომილება +-3%-ია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამაც" გამოაქვეყნა ე.წ. ალოკაციური კვლევის მეთოდით ჩატარებული შიდა პარტიული კვლევა, რომლიის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებელი 54%-ია. 

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ანალოგიური მონაცემებით "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 18%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი 16%-იანი. სხვა კანდიდატებს - 12%.

დეპუტატის ინფორმაციით, კვლევა "ქართული ოცნების" პარტნიორმა ორგანიზაციამ, "ფსიქო პროექტმა" ჩაატარა. მამუკა მდინარაძის თქმით, გამოკითხვა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა. გამოიკითხა 2200 რესპონდენტი. დეპუტატის მტკიცებით, კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.

ევროპული საქართველო დღეს, 17:00-ზე აპირებს თავისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების გასაჯაროებას.

კომენტარები