დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ, როგორც ჩანს, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მართლაც მოკლულია და თუ დამტკიცდება, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებას ამასთან რაიმე კავშირი აქვს, მკაცრად უნდა დაისაჯონ. ეს კომენტარი მან სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან საუბრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ჯერ ერ-რიადში, შემდეგ კი ანკარაში იმყოფებოდა. პომპეომ ტრამპს ურჩია საუდის არაბეთს კიდევ რამდენიმე დღე მისცეს გამოძიების ჩასატარებლად.
ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი სტივენ მნუჩინი ერ-რიადში 23 ოქტომბერს დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმს არ დაესწრება. მონაწილეობაზე უარი თქვეს Google-მა, JP Morgan-მა, Ford-მა, Uber-მა და მსოფლიო ბანკის დირექტორმაც.
ვინ არის ჯამალ ხაშოგი და რა არის ცნობილი მის გაუჩინარებაზე?
2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, საკონსულოში შესვლამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის ეცნობებინა. როგორც ჩანს, ხაშოგი ფიქრობდა, რომ საკუთარი ქვეყნის საკონსულოში მას საფრთხე ემუქრებოდა. რატომ?
ხაშოგი საუდის არაბეთის მოქალაქეა. იქ ის საინფორმაციო სააგენტო “ალ-არაბს” ხელმძღვანელობდა, რომელიც მკაცრი ცენზურის პირობებში დამოუკიდებელი ჟურნალიზმის პირობას დებდა, თუმცა გახსნიდან მალევე დახურეს. თავად ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.
ფოტო: Reuters
ხაშოგიმ საუდის არაბეთი 2017 წლის სექტემბერში დატოვა, აშშ-ში ცხოვრების უფლება მიიღო და Washington Post-ისათვის წერდა:
“როდესაც შიშის, დაშინების, დაკავებების, ინტელექტუალებისა და რელიგიური ლიდერების, რომლებიც საკუთარი აზრის გამოხატვას ბედავენ, საჯაროდ შერცხვენის შესახებ ვლაპარაკობ და შემდეგ ვამბობ, რომ საუდის არაბეთიდან ვარ, გიკვირთ?” წერდა ის Washington Post-ში 2017 წლის 18 სექტემბერს.
"მე დავტოვე ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური და ხმა ავიმაღლე. სხვაგვარად მოქცევა მათი ღალატი იქნებოდა, ვინც ციხეებში იტანჯება. მე შემიძლია ვისაუბრო მაშინ, როდესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია." დაწერა მან გასულ თვეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საელჩოებში მსახურობდა ჯერ ლონდონში და შემდეგ ვაშინგტონში. ვრცელდება ცნობები, რომ 1970-იან წლებში “მუსლიმთა საძმოსაც” შეუერთდა და ოსამა ბინ ლადენის, რომელსაც მეგობარს უწოდებდა, სიკვდილს 2011 წლის 2 მაისს Twitter-ზე ასე გამოეხმაურა:
“ცოტა ხნის წინ გული მომიკლა აბუ აბდულას ამბავმა. ავღანეთის იმ ლამაზ დღეებში შენი სიმამაცე მშვენიერი იყო, სანამ ილუზიებისა და მრისხანების ტყვე გახდებოდი. #OBL”
თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი სხეული დაანაწევრეს. საკონსულოში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ ხაშოგიმ შენობა დატოვა, თუმცა ამის დამადასტურებელ კადრებს ვერ წარმოადგენენ, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საელჩოში არსებული უსაფრთხოების კამერები ჩანაწერებს არ აკეთებს.
მიუხედავად კატეგორიულად უარყოფისა, თურქი გამომძიებლები შენობაში მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც იქ დამლაგებელთა ჯგუფი შევიდა. გამომძიებლების თქმით შენობაში ზოგიერთი ადგილი ახალი გადაღებილი დახვდათ, თუმცა გარკვეული სამხილები მაინც მოიპოვეს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ხაშოგი შენობაში მოკლეს.
კიდევ ერთი საეჭვო გარემოებაა ერ-რიადიდან კერძო თვითმფრინავებით სტამბოლში შუაღამეს ჩასული 15 პირი, რომლებიც საკონსულოში ხაშოგის შემდეგ მივიდნენ და ქვეყანა იმავე დღეს დატოვეს. საუდის არაბეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო “ალ-არაბია” ირწმუნებოდა, რომ ისინი ტურისტები იყვნენ, რაც თავის მხრივ წააგავს Russia Today-ზე გასულ ინტერვიუს, რომელშიც სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებული GRU-ს აგენტები ამბობენ, რომ სოლსბერიში ტურისტებად ჩავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკრიპალის მოწამვლის შემდეგ ოპოზიციონერები და ხაშოგის მეგობრები ამბობდნენ, რომ პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი პუტინის შესაძლებლობებითაა აღფრთოვანებული, კონკრეტულად კი იმით, რომ მან დიდ ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის მიზანში ამოღება და შემდეგ თავის დაძვრენა შეძლო.
Middle East Eye კი წერს, რომ 15-დან 7 პირი სწორედ საუდის არაბეთის ტახტის ახალი მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის პირადი დაცვის წევრები აღმოჩდნენ.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პირი თავადაც გაუჩინარდა და 18 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით ერ-რიადში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ფოტო: Al Jazeera
რა რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტის გაუჩინარებას?
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ მომხდარს ბოლომდე გამოიძიებდნენ, თუმცა ამასთანავე თურქი გამომძიებლები საუდის არაბეთიდან ჩასულ სპეციალურ ჯგუფთანაც თანამშრომლობენ, რომელიც გამოძიებას უნდა ეხმარებოდეს, თუმცა, არსებული ცნობებით, ზღუდავს მას.
რაც შეეხება საუდის არაბეთის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ დამტკიცდება, რომ ჟურნალისტი მართლაც მოკლეს, ეს საშინელება იქნება და საუდის არაბეთს შესაფერისი სასჯელი დაეკისრება, თუმცა როგორც მალევე დააკონკრეტა ეს სასჯელი სამხედრო შეიარაღების მიყიდვის შესახებ შეთანხმების გაუქმება არ იქნება.
ტრამპმა ისიც თქვა, რომ საუდის არაბეთის მონარქს, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის ესაუბრა, რომელმაც კატეგორიულად უარყო რაიმე ინფორმაციის ფლობა ამ საკითხზე.
მალევე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი აპირებდა ეღიარებინა, რომ ჟურნალისტი დაკითხვისას შემოაკვდათ და რომ ოპერაცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ არ იყო სანქცირებული. შესაბამისად, ტრამპმა მალევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ჟურნალისტი საკონსულოში შესაძლოა სულაც “თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა” მოკლეს.
ვაშინგტონმა ოფიციალური ანკარასაგან ჩანაწერებიც მოითხოვა, რომელიც თურქული მედიის მიხედვით ჟურნალისტის სიცოცხლის უკანასკნელ მომენტებს ასახავს. თურქეთი ჩანაწერებს არ ასაჯაროვებს, რადგან ეს, სავარაუდოდ, გამოამჟღავნებს, თუ რა მეთოდებით უთვალთვალებენ ისინი საუდის არაბეთის საკონსულოს, და არა მხოლოდ მას. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანკარაში ვიზიტისას ჩანაწერები მაიკ პომპეომ მოისმინა. მან დონალდ ტრამპს მოუწოდა საუდის არაბეთს გამოძიებისათვის კიდევ რამდენიმე დღე მისცეს.
რით შეიძლება აიხსნას აშშ-ის მსგავსი რეაქცია?
ყველასათვის ცნობილია, რომ რეგიონში აშშ-ის მთავარ მოკავშირეს სწორედ საუდის არაბეთი წარმოადგენს. საუდის არაბეთი უპირისპირდება ირანის გავლენების გაძლიერებას რეგიონში, განსაკუთრებით კი იემენში, სადაც მისი მეთაურობით სამხედრო კოალიცია არა მხოლოდ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტ ამბოხებულებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებსა და ბავშვებით სავსე ავტობუსებსაც ბომბავს აშშ-საგან შეძენილი იარაღით.
საუდის არაბეთი ირანის გავლენების შეზღუდვას იყენებს არგუმენტად მეზობელი კატარის, რომელმაც მათგან განსხვავებული, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ჩაიფიქრა, იზოლაციაში მოსაქცევად. მიუხედავად იმისა, რომ კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზაა განლაგებული, ტრამპმა საუდის არაბეთის საქციელი მოიწონა და ერთგვარად საკუთარი ადმინისტრაციის ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწევადაც ჩაითვალა.
ფოტო: Businessinsider
ტრამპი სამეფოში პირადი ფინანსური ინტერესების ქონას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა არ უარყოფს იმას, რომ მიმდინარე წლის მარტში, ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმება 12.5 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების ყიდვის თაობაზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წითელ ხაზს არც ჟურნალისტის მკვლელობა წარმოადგენს.
"არ მინდა საფრთხე შევუქმნა სამუშაო ადგილებს და ასეთი შეკვეთა დავკარგო." განმარტა ტრამპმა და ისიც აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს სხვა შეთავაზებებიც აქვს და ამგვარად მათი დასჯა რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებში იქნებოდა.
იმ დღეს, როდესაც პომპეო ერ-რიადში ჩაფრინდა საუდის არაბეთმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 100 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა. ეს ის თანხაა, რომელსაც საუდის არაბეთი აშშ-ს სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსაგან გათავისუფლებული ტერიტორიების სტაბილიზაციისათვის დაჰპირდა.
რა შედეგებს მოიტანს მსგავსი მიდგომა და როგორ აისახება ეს საუდის არაბეთის, უფრო კონკრეტულად კი ტახტის ახალი მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის სამომავლო ქმედებებზე?
მუჰამედ ბინ სალმანი, ცნობილი, როგორც MbS, ტახტის მემკვიდრედ მისმა მამამ, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდიმ 2017 წლის ივნისში დანიშნა და როგორც ჩანს, მას შემდეგ ალცჰაიმერით დაავადებული მეფის ნაცვლად ქვეყანაში რეალური ძალაუფლება სწორედ ტახტის მემკვიდრის ხელშია.
ფოტო: AP
უახლოეს პერიოდში საერთაშორისო არენაზე სამეფოს მთავარი ქმედებები, მათ შორის იემენში სამხედრო ინტერვენცია და კატარის ბლოკადა სწორედ MbS-ის ინიციატივა იყო, თუმცა ის ასევე აქტიურად მუშაობს ქვეყნის შიდა საქმეებს და საკუთარ იმიჯზე. მსოფლიომ ის არა იემენის ან კატარის კრიზისების, არამედ სამეფოში ქალებისათვის მანქანის ტარების უფლების მიცემით გაიცნო და მას შემდეგ ის სამეფოს პროგრესული განვითარების იმედის იმიჯით სარგებლობს.
ტახტის მემკვიდრედ დანიშვნიდან მალევე Guardian-თან ინტერვიუში მუჰამედ ბინ სალმანმა თქვა, რომ ულტრა-კონსერვატიული სახელმწიფო ბოლო 30 წლის განმავლობაში "ნორმალური არ ყოფილა" და ეს მკაცრ დოქტრინებს დააბრალა, რომლებიც ირანის რევოლუციის შემდეგ საზოგადოების სამართავად შემოიღეს, თუმცა არ იცოდნენ როგორ გამკლავებოდნენ. მან თქვა, რომ ქვეყანა ზომიერ ისლამს უნდა დაუბრუნდეს და საერთაშორისო საზოგადოებას ტრანსფორმაციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
მას შემდეგ MbS-მა თითქმის 40 წლიანი აკრძალვის შემდეგ ქვეყანაში კინოთეატრების გახსნა დაუშვა, თქვა, რომ აუცილებელი არ არის ქალმა ჰიჯაბი (თავსაბურავი) და აბაია (გრძელი მანტია, რომელიც მთელ სხეულს ფარავს) ატაროს, თუ მისი ჩაცმულობა მართებული და მოკრძალებულია. მან ქალებს მანქანის მართვის გარდა სპორტულ ღონისძიებებზე ოჯახთან ერთად სტადიონზე დასწრების უფლებაც მისცა.
აშკარაა, რომ MbS-ს სურს თავი პროგრესულ ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც კონსერვატიულ სამეფოში რეფორმების გატარებას არ უშინდება, თუმცა, ამავდროულად, არ სურს, რომ მისი რეფორმები მისი კეთილი ნების გარდა სხვა რამის, მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შედეგად გამოჩნდეს. ალბათ ამით აიხსნება აკრძალვების მოხსნიდან მალევე იმ აქტივისტების დაკავება, ვინც წლების მანძილზე ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების მიცემისათვის იბრძოდნენ.
ფოტო: AFP
მუჰამედ ბინ სალმანმა ისიც დააანონსა, რომ საუდის არაბეთში ქალებს მეურვის გარეშე შესვლის უფლებას მისცემდნენ, თუმცა სამოქალაქო და ქალთა უფლებების დამცველები დააკავა, მათ შორის სამარ ბადავი, რომელსაც 2012 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ბადავი სხვა აქტივისტებთან ერთად სწორედ მეურვეობის სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა.
ამჟამად ადამიანის უფლებათა 5 აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი ქალია, და იმ შემთხვევაში, თუ მას სასჯელის უმაღლეს ზომას მიუსჯიან, ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, ვისაც სიკვდილით დასჯა ამ მიზეზით გასამართლების შემდეგ მიესაჯა. Human Rights Watch-ის მიხედვით შიიტი აქტივისტი ქალი და მისი მეუღლე 2015 წელს ტერორიზმში დაადანაშაულეს, თუმცა ისინი მხოლოდ მშვიდობიან აქტივიზმში იყვნენ ჩართული და ძალადობრივ ქმედებებში არ არიან შემჩნეული.
MbS-მა 500 მილიარდიანი პროექტიც დააანონსა. პროექტი საუდის არაბეთის, იორდანიისა და ეგვიპტის საზღვარზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გულისხმობს. "ჩვენ დიდი ოცეულის წევრი ქვეყანა ვართ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ჩვენ სამი კონტინენტის შუაში ვართ. საუდის არაბეთის უკეთესობისაკენ შეცვლა ნიშნავს რეგიონის დახმარებას და მსოფლიოს შეცვლას. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ აქ. და იმედი გვაქვს რომ ყველა მხარს დაგვიჭერს." თქვა მან.
თუმცა, სწორედ ხაშოგი წერდა, რომ პრინცის დაპირებების მიუხედავად რასაც ხედავდა, მხოლოდ მასიური დაკავებები იყო.
“რატომ არის ეს შიშისა და დაშინების კლიმატი ასე ფართოდ გავრცელებული ახლა, როდესაც ახალგაზრდა, ქარიზმატული ლიდერი დიდი ხნის ნანატრ რეფორმებს, ეკონომიკის განვითარებასა და დივერსიფიკაციას გვპირდება?” წერდა ხაშოგი.
ხაშოგის გაუჩინარების და შესაძლო მკვლელობის გამო აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა თქვა, რომ მუჰამედ ბინ სალმანმა ამის გამო თანამდებობა უნდა დატოვოს და ტახტის მემკვიდრის პოსტზე ის სხვამ უნდა ჩაანაცვლოს, რადგან, საუდის არაბეთს უკეთესი კანდიდატები ჰყავს.
თუმცა, არის ეს ასე? MbS-მა იმაზეც იზრუნა, რომ ძალაუფლებაში მოცილე არ ჰყოლოდა და არც ხაშოგია პირველი, ვინც ამგვარად გაუჩინარდა.
2016 წლის თებერვალში პრინცი სულთან ბინ თურქი, რომელიც საუდის არაბეთის მთავრობას კორუფციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო აკრიტიკებდა, კერძო თვითმფრინავით პარიზიდან კაიროში მამამისთან, მეფე სალმანის უფროს ძმასთან მიფრინავდა, თუმცა თვითმფრინავმა გეზი შეიცვალა, რიადში ჩაფრინდა და სავარაუდოდ პრინცი ამჟამადაც შინაპატიმრობაშია.
კიდევ ერთი პრინცი თურქი ბინ ბანდარი, მემკვიდრეობაზე დავის შემდეგ დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ის პარიზში გაიქცა და ხელისუფლებას იქიდან აკრიტიკებდა, რის გამოც არაერთხელ დაემუქრნენ. საბოლოოდ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა და მალევე, 2015 წლის ივლისში, გაუჩინარდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის ბიზნეს შეხვედრაზე მაროკოში იმყოფებოდა, სადაც დააკავეს და საუდის არაბეთს გადასცეს.
ორი თვის შემდეგ გაქრა პრინცი საუდ ბინ საიფიც, რომელიც ასევე ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მეფეს ეწინააღმდეგებოდა. მისი თვითმფრინავიც, რომის ნაცვლად რიადში დაჯდა.
უარესი ბედი ხვდა წილად პრინც მანსურ ბინ მუქრინს, რომლის ვერტმფრენი იემენის საზღვართან ჩამოვარდა. დაღუპული პრინცის მამა მუქრინ ბინ აბდულაზიზი 2015 წლამდე ტახტის მემკვიდრე იყო, თუმცა სალმან ბინ აბდულაზიზმა ტახტზე ასვლისთანავე ქვეყნიდან გააძევა.
ფოტო: Ritz-Carlton
აღსანიშნავია თავად მუჰამედ ბინ სალმანის მიერ წამოწყებული კორუფციასთან ბრძოლის კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც რიადში მდებარე მდიდრულ სასტუმრო რიც კარლტონში 11 პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავეს, რომელიც 2 კვირით ადრე მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობდა.
დაკავებულთა შორის იყო ალვალიდ ბინ ტალალიც, მილიარდერი პრინცი, რომელსაც მსხვილი ინვესტიციები აქვს მათ შორის Twitter-სა და Apple-ში, ასევე ფლობს წილებს რუპერტ მერდოკის მედია კორპორაციაში, სითიგრუპ ბანკში, Four Season-ის სასტუმროების ქსელში და სხვა. სწორე ის იყო საიფორმაციო სააგენტო “ალ-არაბის” მფლობელი, რომელსაც ხაშოგი ხელმძღვანელობდა.
მას თავისუფლების სანაცვლოდ 6 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას სთხოვდნენ, რაც მისი 18.7 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონების დაახლოებით მესამედს წარმოადგენდა. პრინცი საბოლოოდ გაათავისუფლეს, თუმცა უცნობია რა გარიგება შედგა ამისათვის ხელისუფლებასთან. ცნობილია ის, რომ 2018 წელს ის Forbes-ის მილიარდერების სიაში აღარ შედის. გათავისუფლების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაკავება "გაუგებრობა" იყო და ის მხარს უჭერს მუჰამედ ბინ სალმანის მიერ წამოწყებულ რეფორმებს.
ფოტო: The Guardian
რა იქნება შემდეგი?
ტრამპმა საუდის არაბეთსა და თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიავლინა. პომპეო მეფე სალმანს, მუჰამედ ბინ სალმანსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ცნობილია, რომ საუბარი ხაშოგის გაუჩინარებას და საქმის გამოძიებას ეხებოდა, და რომ საუდის არაბეთის მხარემ მომხდართან ყოველგვარი კავშირი კვლავ უარყო, თუმცა უცნობია, მიაღწია თუ არა პომპეომ საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის, რომელსაც MbS-ი ბოროტების სამკუთხედის ქვაკუთხედს უწოდებს და აშშ-ის მსგავსად კატარში სამხედრო ბაზა აქვს, რაიმე შეთანხმებას.
თურქეთი, საუდის არაბეთის მსგავსად აშშ-ის მოკავშირეა, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკანასკნელ პერიოდში დაიძაბა. მიზეზებს შორის შეიძლება გამოვყოთ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავება, და ხაშოგის გაუჩინარებიდან მალევე გათავისუფლება და, რა თქმა უნდა, თურქეთის მიერ რუსეთისაგან სარაკეტო სისტემის შეძენა, რომელიც NATO-ს სტანდარტებშიც არ ჯდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის პირობებში, მუჰამედ ბინ სალმანის ძალაუფლების შერყევამ საუდის არაბეთში შესაძლოა ისეთი პროცესები გამოიწვიოს, რაც რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რაც ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების და სანქციების ხელახლა დაწესების შემდეგ აშშ-ის ინტერესებში განსაკუთრებით არ შედის.
ფოტო: Reuters
საბოლოო ჯამში, ამ გამოძიების შედეგი და აშშ-ის რეაგირება მნიშვნელოვანი საზომი იქნება იმისა, თუ სად გადის საუდის არაბეთის პარტნიორებისთვის წითელი ხაზი და რას უნდა ველოდოთ მუჰამედ ბინ სალმანის მმართველობის პირობებში.
მანამდე კი 17 ოქტომბერს Washington Post-ში გამოქვეყნებული ხაშოგის უკანასკნელი სტატია, სადაც ის საუდის არაბეთში თავისუფალი პრესის მნიშვნელობაზე საუბრობს განსაკუთრებით საგულისხმოა:
“არაბულ ქვეყნებში მოსახლეობა ან არა არის ინფორმირებული, ან დეზინფორმაციის მსხვერპლია. ისინი ადეკვატურად და მით უმეტეს, საჯაროდ, ვერ განიხილავენ ისეთ საკითხებს ,რაც რეგიონსა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ნარატივი დომინირებს საზოგადოების ფსიქიკაში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას არ იჯერებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცრუ ნარატივების მსხვერპლი ხდება. სამწუხაროდ, სიტუაცია ალბათ არ შეიცვლება.”
ხაშოგი წერდა, რომ საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკის გამო მისი კოლეგის დაკავება, ან ეგვიპტის მთელი ბეჭდური მედიის მთავრობის ხელში მოქცევა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას არ იპყრობს:
“ამ ქმედებებს აღარ მოჰყვება შედეგები ან მწვავე რეაქცია საერთაშორისო საზოგადოებაში. ამის ნაცვლად არის მხოლოდ დაგმობა, რომელსაც სიჩუმე მოჰყვება. შედეგად, არაბული ქვეყნების მთავრობები მედიის გაჩუმებას აგრძელებენ. იყო დრო, როდესაც ჟურნალისტებს გვჯეროდა, რომ ინტერნეტი ინფორმაციას ცენზურისა და კონტროლისაგან გაათავისუფლებდა, თუმცა მთავრობები, რომელთა არსებობა ინფორმაციის კონტროლზეა დამოკიდებული, აგრესიულად ბლოკავენ ინტერნეტს… არაბულ სამყაროს საკუთარი რკინის ფარდა აქვს, თუმცა არა გარეშე ძალების, არამედ შიდა, ძალაუფლებისათვის მებრძოლი ძალების მიერ ჩამოფარებული.”