ფარული აუდიოჩანაწერები

"მისი საუბარი არასერიოზულად მივიჩნიე" - ჯაფარიძე ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ის მირზა სუბელიანთან საპატიმროში რამდენჯერმე იყო მისული. დეპუტატი ამბობს, რომ მასთან შეხვედრა მირზა სუბელიანმა მოითხოვა. 

"მირზა სუბელიანის დაჟინებული მოთხოვნით და ოჯახის თხოვნით მე რამოდენიმეჯერ ვიყავი მასთან საპყრობილეში. მე ვარ პარლამენტის წევრი, ვარ სვანი, ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომ მთხოვეს, რომ შევსულიყავი. მოითხოვა და რა უფლება მქონდა არ შევსულიყავი?!",- ამბობს ჯაფარიძე. 

მისი თქმით, სუბელიანის ნათქვამი არასერიოზულად აღიქვა და ამიტომაც არავისთან უსაუბრია. 

"გიორგი გახარიას და სხვა მინისტრებს, როგორც პარლამენტის წევრი მიწევს ხშირად შეხვედრა და მათ შორის გადავეცი მირზას დანაბარები,რომ მთხოვდა რაღაც შეღავათებს ითხოვდა დამსახურება მაქვს და იქნება გაუბედურებული ვარ და მეტი არაფერი. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები. იმდენ რამეს ლაპარაკობ, რომ არასერიოზულია, მასზე რეაგირება არაფერი გამიკეთებია. ვუყურებ რომ ადამიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. არის მარტო საკანში ძალიან სტრესის ქვეშ იმყოფება",- ამბობს დეპუტატი. 

ჯაფარიძე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბრალდებულთან გაძლიერებული დაცვის ქვეშ კერძო საუბრები ჩაიწერეს.

"ეგ არის საინტერესო, როგორ მოხდა რომ პარლამენტის წევრი შევედი და ეგეც რომ არ ვიყო. ადვოკატი რომ შევიდე პატიმართან  უნდა ჩავუწერო? რა ხდება? ",- ამბობს ჯაფარიძე. 

რუსთავი 2-მა ახალი ფარულ ჩანაწერი გაავრცელა რომელიც, მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

პროკურატურამ რ2-ის ფარულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები