კორუფცია

IDFI: ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევაა

Shutterstock

ინფორმაციის განვითარების და თავისუფლების ინსტიტუტმა საქართველოში ელიტური კორუფციის შესახებ ანალიზი მოამზადა

ორგანიზაცია წერს, რომ ბოლო დროს მედიით შესაძლო კორუფციული გარიგების, ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მრავალი სხვადასხვა ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 

  • სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ყოფილი პრემიერმინისტრის ახლო ნათესავები ფიგურირებენ.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება;
  • ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოყვა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ფარცხალაძის მიერ;
  • საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები, სადაც საეჭვო პროექტებთან და შესყიდვებთან მიმართებაში მინისტრების სახელები ფიგურირებს;
  • ზუგდიდი ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საქმე სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელდა და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა, სადაც მინისტრის მოადგილე და მისი ძმის საკუთრებაში არსებული კომპანია ფიგურირებს;
  • ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში მონაწილეობენ სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი.

IDFI მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში, ასევე, მრავლად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა რანგის მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. მაგალითისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 62 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 41 საქმეზე მიეცა 61 პირი. ანგარიშიდან იკვეთება, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში იყვნენ დასაქმებული და არ იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს. ანგარიშის მიხედვით, გამოძიება არ წარმართულა ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ.

საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ იმ საქმეებს, სადაც დასკვნის მიხედვით იკვეთებოდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული გარემოს შესაფასებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაძლო შემთხვევების შეფასება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში და ინდექსებში არსებულ მონაცემებზე რეაგირება.

კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია საქართველოში სხვადასხვა საჯარო უწყებაზეა გადანაწილებული, რომელთა უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები ხშირად არ არის მკაფიოდ გამიჯნული. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არცერთი უწყების მთავარ საქმიანობას არ წარმოადგენს. საქართველოში კორუფციული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის ფუნქციები ძირითადად გადანაწილებულია შემდეგ უწყებებს შორის:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტო;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (კორუფციულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო);
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გარდა ამისა, პროკურატურა უფლებამოსილია გამოიძიოს ყველა სახის კორუფციული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის მიერაა ჩადენილი ან უსაფრთხოების სამსახურმა ან ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა. ამ სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ის ახორციელებს, როგორც ზოგადად საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგს, ისე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების მონიტორინგს.

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რასაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები, თუ რეკომენდაციები აწესებენ. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

საქართველოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. მაგალითად, სუს-ის სტრუქტურაში ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა შეუთავსებელია უწყების საქმიანობის საიდუმლო ბუნებასთან და ქმნის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის რისკს.

IDFI-ის მიერ შემოთავაზებულ სისტემაში, დამოუკიდებელ ანტიკორუფციული სამსახურს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი კომპეტენციების შესრულება:

  • კორუფციის პრევენცია;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;
  • თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;
  • მამხილებელთა დაცვა;
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;

კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა.

IDFI აცხადებს, რომ როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. 

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს ჯერ კიდევ 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი.

კომენტარები