დონალდ ტრამპი

ტრამპი: საუდის არაბეთის მეფეს ვუთხარი, რომ აშშ-ის გარეშე ორ კვირასაც ვერ გაძლებდა

დონალდ ტრამპი და სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი
Reuters

დონალდ ტრამპმა მისისიპიში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერის გარეშე ძალაუფლებას ორი კვირაც ვერ შეინარჩუნებდა და მან ეს მეფეს პირადად უთხრა.

"ჩვენ ვიცავთ საუდის არაბეთს. თქვენ იტყვით რომ ისინი მდიდრები არიან. მე მიყვარს მეფე სალმანი. მაგრამ მე ვუთხარი "მეფევ - ჩვენ გიცავთ თქვენ - ჩვენს გარეშე თქვენ [ტახტზე] ორი კვირაც ვერ გაჩერდებით - თქვენი სამხედრო ძალებისათვის უნდა გადაიხადოთ."

ტრამპს არ დაუკონკრეტებია როდის უთხრა ეს მეფე სალმანს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ საუდის არაბეთს ეწვია. საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით გასულ კვირას ტრამპი საუდის არაბეთის მონარქს ნავთობის ბაზრის და ეკონომიკური ზრდის შესახებ ესაუბრა.

დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საუბრისას ნავთობის ფასებზე და OPEC-ზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიცავთ ბევრ ამ ქვეყანას და სანაცვლოს არაფერს ვთხოვთ, შემდეგ კი ისინი ჩვენით სარგებლობენ და ნავთობზე მაღალ ფასებს გვიწესებენ. ეს კარგი არაა. ჩვენ გვსურს, რომ მათ შეწყვიტონ ფასების ზრდა და დაიწყონ მისი შემცირება." თქვა ტრამპმა.

კომენტარები