რუსული ოკუპაცია

კაპანაძე: ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსად არაა საუბარი, რომ ქართულმა მხარემ ომი დაიწყო

ბოლო დღეებია, ქოცპროპაგანდა ატრიალებს მესიჯს, რომ 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ცუდი რაღაცეები წერია საქართველოზე.

ამათ ხომ შუბლის ძარღვი მართლა არ აქვთ რა.

2008 წლის ომი ახალი დასრულებულია. რუსეთმა აღიარა ტერიტორიების დამოუკიდებლობა. რუსული ჯარი ჯერ ისევ ჩვენს ტერიტორიაზეა. რუსეთი ყველგან ამტკიცებს, რომ გენოციდი მოაწყო საქართველომ, ომი დაიწყო საქართველოს მთავრობამ, რომ იყო ეთნიკური კონფლიქტი ოსებს და ქართველეობს შორის და რომ რუსეთი არის მშვიდობისმყოფელი.

არ დაგავიწყდეთ, 2008 წლის ოქტომბერია!

ამ დროს, უზარმაზარი წნეხის მიუხედავად პირველად ვიღებთ რეზოლუციას საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელშიც ევროსაბჭო

- ამბობს, რომ რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია!
- გმობს დამოუკიდებლობის აღიარებას!
- ამბობს, რომ არ მომხდარა გენოციდი!
- ამბობს, რომ მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა!
- ამბობს, რომ იყო ორ სახელმწიფოს შორის ომი და არა შიდა ეთნიკური კონფლიქტი!
- მოუწოდებს, რუსეთს, რომ გაიყვანოს ჯარები
- აკეთებს უმწვავეს შეფასებებს ჰუმანიტარულ და სხვა თემებზე!

ამას აკეთებს პირველად!!!

ეს ხდება 2008 წლის ოქტომბერში!

ამ რეზოლუციაში ნამდვილად არის არასასიამოვნო მე-5 პარაგრაფი, რომელშიც წერია, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი დონე. ოღონდ წინა, მე-4 პარაგრაფში წერია, რომ კონფლიქტი ადრე დაიწყო, ვიდრე 7 აგვისტოს. დიახ, მე-5 პარაგრაფში წერია, რომ ქართულმა მხარემ არაპროპორციულად გამოიყენა ძალა, როდესაც კასეტური იარაღი გამოიყენა. ოღონდ ეს არც არასოდეს უარუყვია ქართულ მხარეს. ოსლოს კონვენციას მაგიტომაც არ ვუერთდებოდით, რომ ამნაირ სიტუაციაში, კასეტური იარაღის გამოყენების უფლება შეგვენარჩუნებინა. ოღონდ, იქვე წერია, რომ ეს ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა.

საქართველოს დელეგაცია შეეცადა ამ პარაგრაფის შეცვლას, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან რუსებიც მუშაობდნენ. პირველ ვერსიაზე გაცილებით უკეთესი ვარიანტი გავიდა ბოლოს მაინც.

საბოლოოდ, რეზოლუცია იმდენად მძიმე აღმოჩნდა რუსებისთვის, რომ მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, ხოლო ქართულმა დელეგაციამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

და ამ უტიფრებს ყოფნით გამბედაობა, რომ ამის გამო ქართული მხარე დაადანაშაულონ ღალატში. ამ დოკუმენტში არსად არაა საუბარი, რომ ქართულმა მხარემ ომი დაიწყო! ამას მარტო სალომე ზურაბიშვილი ამბობს, (ადრე ივანიშვილიც ამბობდა). და ამ უტიფრებს თურმე ეს ჩანაწერი არ მოსწონთ და სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოსწონთ. მართლაც, რომ თავხედობას საზღვარი არ აქვს. თუ ის ჩანაწერი ცუდი იყო, სალომეს ბაგეებიდან გაჟღერებული უარესი განცხადება, უცბად კარგი გახდა?

კიდევ კარგი, ომის დროს ესენი არ იყვნენ ხელისუფლებაში, თორემ უკვე დაკარგული იქნებოდა ის რეგიონები. უკვე აღიარებულიც იქნებოდა ბევრი ქვეყნის მიერ, და ქვეყნის სუვერენიტეტი საერთოდ მორღვეული იქნებოდა.

ამიტომ უნდა მოშორდნენ ესენი ხელისუფლებას რაც შეიძლება მალე.

და ეს ერთად უნდა დავიწყოთ 28 ოქტომბერს დათო ბაქრაძის არჩევით.

კარგად დაფიქრდით, ვის შეუძლია ამათი დამარცხება მეორე ტურში და ისე გადაწყვიტეთ. შეიძლება ბაქრაძე ძალიან არ მოგწონთ, მაგრამ სხვა ალტერნატივა ვინ არის, ვინც სალომეს დაამარცხებს? ვინც, მეორე ტურში ხალხს გააერთიანებს ქოცების კანდიდატის წინააღმდეგ?

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების წევრების ბრალდებებს ეხმაურება. ცნობისთვის, კახა კალაძემ 1 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ წინა ხელისუფლებამ "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მისცა ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული". ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციის მე-5 პუნქტში პირდაპირ არის ის ბრალდება, რომელსაც დღეს ენმ და ევროპული საქართველო ბრალდებად უყენებს ზურაბიშვილს".

კომენტარები