დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ჯერემი ჰანტი: რუსეთს დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენება ძვირად დაუჯდება

ჯერემი ჰანტი
Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა კონსერვატიული პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე რუსეთი გააფრთხილა, რომ ბრიტანეთის დაშინება და საერთაშორისო კანონების დარღვევა ძვირად დაუჯდება.

"კონსერვატიული პარტიის მმართველობის ქვეშ ბრიტანეთს კრემლისათვის მარტივი მესიჯი აქვს: თუ ამ ქვეყნის დაშინებას შეეცდებით, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებთ, თუ საერთაშორისო კანონებს არ დაემორჩილებით, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ." თქვა მან.

ამის შესახებ ჰანტმა რამდენიმე დღის წინ Sky News-თან ინტერვიუშიც ისაუბრა:

"მიუღებელია, რომ რუსეთმა GRU-ს აგენტებს ბრიტანეთის მიწაზე ქიმიური იარაღის გამოყენება დაავალა. ეს პირვლი შემთხვევაა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო კანონები, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. ბირთვული იარაღის შემდეგ ეს ყველაზე საშინელი იარაღია. თუმცა ვხედავთ, რომ ბაშარ ალ-ასადი მას სირიაში იყენებს, ხოლო რუსეთი ბრიტანეთის ქუჩებში. მთელი მსოფლიოსათვის საშინელი იქნება, თუ ამ საშინელი იარაღის გამოყენება ნორმად იქცევა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მესიჯი რუსეთისათვის ნათელია: ამას თუ გააკეთებენ, ძვირად დაუჯდებათ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ბრიტანეთის პოლციის მიერ ეჭვმიტანილად დასახელებული ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი რუსეთის მოქალაქეები არიან.

პოლიციის მიხედვით სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების დასატანად მათ ნინა რიჩის სუნამოს მოდიფიცირებული ფლაკონი გამოიყენეს, რომელის შემდგომ ბრიტანეთის ორი მოქალაქის ხელში აღმოჩნდა, რამაც ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალება გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით ისინი რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან და ოპერაციაზე დასტური სავარაუდოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით რუსლან ბოშიროვის სახელით ცნობილი ადამიანი სინამდვილეში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ)-ს ოფიცერი ანატოლი ჩეპიგაა და ის თავისი საქმიანობისთვის რუსეთის სახელმწიფოს მიერ არაერთხელაა დაჯილდოვებული.

კომენტარები