განათლება

ლობირებდა თუ არა უნივერსიტეტებს მარიამ ჯაში - დეპუტატის პასუხები

ტაბულა

მას შემდეგ, რაც მარიამ ჯაშმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილს ავტორიზაციას 2020 წლამდე გადაუვადებს, კითხვები გაჩნდა სავარაუდო პროტექციონიზმთან დაკავშირებითაც. საქმე იმაშია, რომ როგორც აღმოჩნდა, ცვლილება მომგებიანია მათ შორის ისეთი სასწავლებლებისთვის, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობის პირებს უკავშირდება.

ტაბულას ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ ორ უნივერსიტეტზე მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გასცა, რაც ავტორიზაციის შეჩერების საფუძველია. სხდომა, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, 16 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ამ უნივერსიტეტების მოთხოვნით გადაიდო. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც, რომელიც შეეხება იმ დაწესებულებებსაც, რომლებზეც დასკვნა უკვე მომზადდა, მაგრამ ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ასეთი ამ ეტაპზე სამია, მათგან ორს უარყოფითი დასკვნა აქვს. ესენია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის ადმინისტრაციის უფროსი დაგეგმილი ცვლილებების ავტორისა და ინიციატორის, მარიამ ჯაშის ბიძა, მამიდის ქმარი გაიოზ ნადირაშვილია. ხოლო მეორე - ევრორეგიონული სასწავლო, იგივე სუხიშვილის უნივერსიტეტია, რომლის რექტორი და 20%-იანი წილის მფლობელი, სოფიო სუხიშვილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მფლობელობაში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია. მისი და, ეკატერინე სუხიშვილი კი გორის მერის მოადგილეა და ის ასევე ფლობს უნივერსიტეტის 20%-იან წილს.

გარდა ამისა, ავტორიზაციის პროცესში ჩართული პირები ჯაშის მხრიდან წარსულში სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის "პრობლემების მოგვარების" მცდელობაზეც საუბრობენ. მათ შორისაა სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი "ჰიპოკრატე", რომელიც სწორედ ავტორიზაციის პირობების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ დაიხურა და რომლის დამფუძნებელი ჯაშის დედის ახლობელია. უნივერსიტეტთან დაკავშირებით ჯაში სატელეფონო ზარის შესახებ საუბრობს ლიკა ღლონტი - ის ექსპერტი, ვინც სასწავლებელი შეამოწმა, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი.

ტაბულა ესაუბრა მარიამ ჯაშს, რომელიც ამბობს, რომ "ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი დედამისის კოლეგაა და შესაძლოა, ერთხელ ან ორჯერ თვითონაც შეხვედრია, თუმცა პირადად არ იცნობს.

დეპუტატი სატელეფონო ზარებს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ ინფორმაციის დაზუსტება იყო. მისი თქმით, ამ პერიოდში ბევრი კითხვა გაჩნდა, ხომ არ მოხდებოდა უნივერსიტეტების ხელოვნურად დახურვა და რადგან "ჰიპოკრატე" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ავტორიზაციის პროცესს გადიოდა, ამიტომაც გადაწყვიტა ინფორმაციის დაზუსტება.

"როცა იწყებოდა ავტორიზაციის პროცესი, საზოგადოებაში იყო გარკვეული შეშფოთება და შიში, რომ უნივერსიტეტების ხელოვნურად დაკეტვის პროცესი დაიწყო, რომ ავტორიზაციის შედეგად უნდა დარჩენილიყო 27 ან 30 უნივერსიტეტი. ბუნებრივია, ჩნდებოდა კითხვა, როგორ მოხდებოდა უნივერსიტეტების ხელოვნურად დაკეტვა. ჰიპოკრატე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ პროცესს გადიოდა. როცა მე დღის ბოლოს ქალბატონ ლიკას [ღლონტი] ვესაუბრე და მან დამიდასტურა, რომ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ დასახურია, უნდა დაიხუროს. მე ქალბატონ ლიკასთან ერთად მიმუშავია ერთ-ერთ კომისიაში, მე მას ვიცნობდი და ეს იყო კოლეგიალური ზარი, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა აღნიშნული პროცესის ობიექტურობა და დამატებითი ინფორმაცია მიმეღო", - აღნიშნავს ის.

ტაბულას კითხვას, როცა ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით მიიღო კონკრეტული პასუხი, რატომ დაურეკა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, თამარ სანიკიძეს, მარიამ ჯაში ასე პასუხობს:

"იცით, ქალბატონი ლიკა არის... მე მასთან მქონდა შეხება ერთ-ერთი კომისიის ფარგლებში და იმდენად შეურაცხყოფილი დავრჩი მისი დამოკიდებულებით, პრაქტიკულად, არც მომცა საშუალება, რომ განმემარტა, ზუსტად რა თემაზე ვსაუბრობდი. დღის ბოლოს თვითონ დამირეკა, რასაც არ ახსენებს ინტერვიუებში და გარკვეული ბოდიშიც მოიხადა მისი დამოკიდებულების გამო. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მინდოდა დადასტურება, რომ ობიექტურობის გარანტიები ნამდვილად იყო. შემდგომ, როცა "ჰიპოკრატეზე" ინფორმაციას მოყვა საჯარო ინფორმაცია, მე თამართან [სანიკიძე] ვიყავი ხაზზე, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მოძიებისთვის, ისევე, როგორც ვიყავი შავი ზღვის უნივერსიტეტზე, ევროპის უნივერსიტეტზე, გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტზე და ა.შ.".

მარიამ ჯაშის თქმით, არ ახსოვს, სთხოვა თუ არა განათლების ექსპერტს სატელეფონო ზარის დავიწყება.

"მეორე ზარი გეტყვით რატომ მოხდა ძალიან მალე. როცა ქალბატონ ლიკას ვესაუბრებოდი, ჩემთან შემოვიდა მეორე ზარი და ვუთხარი, რომ გადავრეკავდი. მაშინვე გადავრეკე და ვისაუბრეთ და ზუსტად ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ ბუნებრივია, როცა ვესაუბრე... არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსოვს, შეიძლება რაღაც სხვა კონტექსტში მსგავსი ფრაზა... ძალიან მინდა, რომ არსებობდეს ჩანაწერები ამ საუბრის", - ამბობს ის.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ თამარ სანიკიძეს ყველა უნივერსიტეტთან დაკავშირებით ურეკავდა და მათ შორის იყო თბილისის სასწავლო უნივერსიტეტიც, თუმცა ლობირება და მხარდაჭერა არც ერთ შემთხვევაში ყოფილა.

ტაბულას კითხვას, ამ სასწავლებლებს შორის თუ ახსენდება რომელიმე, "ჰიპოკრატეს" გარდა, რომელთან დაკავშირებით ავტორიზაციის ექსპერტსაც დაურეკა და ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელსაც, მარიამ ჯაში უარყოფითად პასუხობს. ამას კვლავ იმით ხსნის, რომ "ჰიპოკრატე" იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ავტორიზაციის პროცესი გაიარა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი უნივერსიტეტის წარმომადგენელი თუ პროფესორი ფორმალურად თუ არაფორმალურად მაწვდიდა ინფორმაციებს, არც ერთ ექსპერტთან აღარ დამირეკავს. მხოლოდ თამარ სანიკიძესთან მქონდა შეხება, როგორც ამ პროცესის ხელმძღვანელთან, რომელიც შესაბამის ინფორმაციას მაწვდიდა", - ამბობს ის.

ტაბულამ დეპუტატს ასევე ჰკითხა, უფიქრია თუ არა, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უწყებაში მისი ზარები შესაძლოა ზეწოლად აღქმულიყო. მარიამ ჯაშის თქმით, ზედამხედველობა მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა.

"დამოუკიდებელი რას ნიშნავს? განათლების უწყების ქვეშ არსებული სსიპ-ი როგორ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი უწყება. პარლამენტის თითოეულ წევრს, მით უმეტეს კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტულ მიმართულებას, აქვს უფლება არამხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის, არამედ აღსრულებაზე მონიტორინგის. ზედამხედველობა არის ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. არამხოლოდ ცენტრში, პენიტენციურ სისტემაში შესვლის და კითხვების დასმის უფლება გვაქვს“, - ამბობს ის.

უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის გადავადების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მისი და განათლების ახალი მინისტრის, მიხელ ბატიაშვილის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. მარიამ ჯაშის თქმით, ევროპული სტანდარტების დანერგვა არის უალტერნატივო გზა, თუმცა ამისთვის უნივერსიტეტებს უფრო მეტი გონივრული ვადა უნდა მიეცეთ. ტაბულას კითხვას, რომ სწორედ ვადის გაგრძელებას ასახელებენ განათლების ექსპერტები ამ პროცესში ხელის შემშლელად, ჯაში პასუხობს:

"ექსპერტები უფრო მეტად თვითკრიტიკულები უნდა იყვნენ, სტანდარტების შეფასების ინსტრუმენტი პრაქტიკულად არ არსებობს, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა და დავრწმუნდით, რომ გარკვეული პაუზა აუცილებელია".

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით ან გაუვიდათ 2018-2019 წლებში და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, ავტორიზაცია 2020 წლის პირველ იანვრამდე გადაუვადდებათ. ამ ჩანაწერის გამოყენება უნივერსიტეტებისთვის ნებაყოფლობითია,

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი, განცხადება გაავრცელეს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებმა, რომლებიც უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი თქმით, კანონპროექტი აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უნივერსიტეტების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია პროტექციონიზმზე საუბრობდა და ცვლილებებს აპროტესტებდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები დაჩქარებულ განხილვას ითხოვდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი დროებით შეაჩერა.მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ეს მათ შორის კანონპროექტის თანაავტორმა, გია ჟორჟოლიანმაც სთხოვა, რომელიც ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები ეგონა.

25 სექტემბერს მარიამ ჯაშმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ამ თემაზე შეხვედრა გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის შეჩერება არ იგეგმება. შეხვედრაზე ცვლილებები გააკრიტიკეს ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტმა, ხოლო მოიწონეს უნივერსიტეტების რექტორებმა. თუმცა გაჩნდა ახალი ინიციატივა - ვადა გაეზარდოთ იმ უნივერსიტეტებს, რომლებმაც ავტორიზაცია წელს უკვე მიიღეს.

კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ, ოქტომბერში განიხილავს.

კომენტარები