კრიმინალი

ფულის სანაცვლოდ მართვის მოწმობის გამოცდაში დახმარებისთვის 3 ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ ისინი სისტემაში უკანონოდ შედიოდნენ და მოქალაქეებს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში ფულის სანაცვლოდ ეხმარებოდნენ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. წინასწარი შეთანხმებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ. კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ", - ამბობენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, არაკანონიერი დახმარების სანაცვლოდ ეს ადამიანები მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ და გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი ამოიღო.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტი), რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

კომენტარები