ტურიზმი

1 ოქტომბრიდან, ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს OMNIBUS-იც გადაიყვანს

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს კომპანია OMNIBUS EXPRESS-იც გადაიყვანს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მეორე სატრანსპორტო კომპანიის საშუალებითაც ისარგებლონ. აქამდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "ჯორჯიან ბასი“ ექსკლუზიურად ოპერირებდა.

"ჩვენი პრიორიტეტია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მგზავრებისთვის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია: "ჯორჯიან ბასი“, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია - "ომნიბას ექსპრესი“. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს“, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 სექტემბრიდან ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge

კომენტარები