27 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ABC ნიუსის კორესპონდენტმა დონალდ ტრამპს ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ კითხვა 10-ჯერ დაუსვა - იკითხა, ფიქრობს თუ არა ტრამპი, რომ მაკკეინი გმირი იყო, ასევე, ხომ არ სურდა მას მაკკეინზე დამატებით რამის თქმა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტს არც ერთხელ უპასუხა.
სენატორი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო დრომდე აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს და მის პოლიტიკას.
მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა:
"ჩემი ღრმა თანაგრძნობა და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახს. ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა".
ზუსტად იმავე ტექსტით ტრამპმა ფოტო ინსტაგრამზეც დადო. აშშ-ის პრეზიდენტი მაკკეინის გარდაცვალებას მხოლოდ ასე გამოეხმაურა.