საქართველო-გერმანია

ბაქრაძე: გერმანია მხარს დაუჭერს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და ქართველებს დაასაქმებს

ნეტგაზეთი

გერმანიის კანცლერის შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან დასრულდა. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის შეფასებით, ანგელა მერკელთან შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა.   

"ძალიან გულწრფელი და თბილი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. განსაკუთრებით აღვნიშნავ ორ კონკრეტულ შედეგს, რომელიც მივიღეთ​. 1. მე დავაყენე საკითხი, რომ გერმანიას განეხილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციებისა და სიის მხარდაჭერის საკითხი. კანცლერისგან მივიღეთ დაპირება, რომ გერმანია დადებითად მოეკიდება ამ საკითხს და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის შესაბამისად, გერმანია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს სანქცირებას და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთისთვის და თითოეული იმ ადამიანისთვისაც, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართველების მოტაცება და მკვლელობა არის დაუსჯელი. მოვუწოდებ  საქართველოს ხელისუფლებას, რომ ბოლომდე მიჰყვეს ამ საკითხს და იმუშაოს გერმანულ მხარესთან, რომ კანცლერის დაპირება აისახოს კონკრეტულ გერმანულ სანქციებში“ - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში ლეგალური სამუშაო მიიღონ.

"მეორე საკითხი უკავშირდება ქართველების დასაქმებას გერმანიაში და მათთვის კანონიერი, ლეგალური სამსახურის შეთავაზების პერსპექტივას. აქაც კანცლერის პასუხი იყო აბსოლუტურად დადებითი. მან თქვა, რომ გერმანიის მთავრობა იმუშავებს იმ პროფესიების სიის შედგენაზე, სადაც სჭირდებათ კვალიფიციური ქართველი სპეციალისტები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და არის პირველი ნაბიჯი ქართველებისთვის გერმანიაში ლეგალურად მუშაობის პერსპექტივის შესაქმნელად. გერმანიაში გაჩნდება ლეგალური მუშაობის საშუალება ქართველებისთვის და გერმანია მხარს დაუჭერს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციებს - ერთი შეხვედრისთვის, თან ოპოზიციასთან, მე მგონი, ძალიან კარგი შედეგია" - თქვა ბაქრაძემ რუსთავი 2-თან ჩართვისას.

ანგელა მერკელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდა. დღეს გერმანიის კანცლერი სტუდენტებთან შეხვედრას და საოკუპაციო ხაზთან მისვლას აპირებს. ვიზიტი თბილისის აეროპორტში "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან შეხვედრით დასრულდება.

კომენტარები