საქართველო-გერმანია

ხვალ, საქართველოში ანგელა მერკელი ჩამოვა

Getty Images

საქართველოს ხვალ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება. ანგელა მერკელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში მივა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს. ასევე, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ბოლოს, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

24 აგვისტოს კი, ანგელა მერკელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. იმავე დღეს არის დაგეგმილი კანცლერის და საქართველოს პრემიერის შეხვედრა სწავლება "ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი დასრულდება. კანცლერს პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

ანგელა მერკელი თბილისში ბოლოს 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა, იგი საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

კომენტარები