გაზსაცავი

ბახტაძე: საქართველო მიწისქვეშა გაზსაცავს €150 მილიონის ღირებულების სესხით ააშენებს

საქართველოს პარლამენტი

"ჩვენ ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას. საქართველოს გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას,"- მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სასესხო დაფინანსებას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების სახელმწიფო ბანკი (KFW) გამოყოფს. გაზსაცავის აშენება საქართველოს გადასახადის გადამხდელებს 150 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ობიექტი კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნისათვის გაზის მიწოდების სათადარიგო წყარო იქნება. მასში ბუნებრივი აირის დაახლოებით ერთი თვის მარაგს შეინახავენ.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ ტერიტორიაზე საცავის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

გაზსაცავის მოცულობა დაახლოებით 210-280 მილიონი კუბური მეტრი იქნება, მასში საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეინახავენ.

გაზსაცავის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის შენდება. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეიახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება.

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. გასული 4 წლის განმავლობაში მთავრობა არაერთ საერთაშორისო ინვესტორთან ცდილობდა პროექტის დასაფინანსებლად სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას.

კომენტარები