ნარკოპოლიტიკა

წულუკიანი: მიზნად გვაქვს, ქვეყანაში არსებობდეს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, მარიხუანის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ახალი კანონმდებლობის კვალდაკვალ გადახედოს სამოქმედო სტრატეგიებს.

"რათა, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მარიხუანის გავრცელება დაექვემდებაროს ყველა ინტერესზე მორგებულ შეზღუდვებს, რადგან ჩვენ გვაქვს მიზნად, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომ მოხმარება იყოს შემცირებული, ზრდა იყოს შემცირებული, ხელმისაწვდომობა და მიწოდება ამ ნივთიერებების. ვინც უკვე არის ამ სენით დაავადებული, მას ჰქონდეს განკურნების და რეაბილიტაციის საშუალება. შესაბამისად, ჩვენ, სხვა სამინისტროებთან ერთად პრემიერმინისტრს მოკლე ვადებში, მისი დავალების შესაბამისად წარვუდგენთ იდეებს, რომლებიც თანხმობის შემთხვევში იქცევა პროექტად და მიიღებს კანონის სახეს", - თქვა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ. 

მარიხუანის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა და თქვა, რომ მას პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება. ბახტაძემ შს მინისტრს დაავალა, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს. კერძოდ, ბახტაძემ, იუსტიციის სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის კომისიაში შემავალ უწყებებს ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ქმედითი პროგრამების წარმოდგენა დაავალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

რას ნიშნავს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება სამართლებრივად, წაიკითხეთ აქ

რამდენად უსაფრთხოა მარიხუანის მოწევა, წაიკითხეთ აქ

კომენტარები