ვენესუელა

ვენესუელას პრეზიდენტზე, ნიკოლას მადუროზე თავდასხმის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

CNN

4 აგვისტოს, სამხედრო აღლუმზე ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მკვლელობა სცადეს. ავტორიტარი მმართველის განადგურება დრონებზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით სცადეს. პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა დრონები შენიშნა და მათ ცეცხლი გაუხსნა, შედეგად პრეზიდენტი უვნებლად გადარჩა. დაშავდა 7 სამხედრო მოსამსახურე.

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრ ნესტორ რევეროლის თქმით, დაპატიმრებული პირები იმ დაჯგუფების წევრები არიან, რომელმაც ორი დანაღმული დრონით ნიკოლას მადუროს მკვლელობა სცადა. სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ დრონს 1 კილოგრამი C4-ის ტიპის პლასტიკური აასაფეთქებელი გადაჰქონდა. 

თავდასხმიდან მალევე მადურომ მისი მკვლელობის მომზადებაში ოპოზიცია, კოლუმბიის პრეზიდენტი, აშშ და "რეაქციული ძალები" დაადანაშაულა.

ვენესუელას ოპოზიცია შიშობს, რომ მადუროს რეჟიმი მომხდარს კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკის გატარების საბაბად გამოიყენებს. 

2018 წლის 20 მაისს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ ხმათა 67,7% დააგროვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.

ვენესუელაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისია, რაც კორუფციის საყოველთაო გავრცელებასა და ნიკოლას მადუროს წინამორბედის, უგო ჩავესის მიერ 1998 წლიდან გატარებულმა სოციალისტურმა რეფორმებმა გამოიწვია. 

ვენესუელაში კოლოსალური ინფლაციაა, IMF-ის შეფასებით, ის 2018 წლის ბოლოსთვის რეკორდულ 1 მილიონ პროცენტს მიაღწევს. ქვეყანაში ძირითადი ჰუმანიტარული პროდუქტების დეფიციტია, ცარიელია მაღაზიები, მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით მიეწოდება. ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანაში საშუალო ხელფასის მოცულობა $4-ს ჩამოსცდა. დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

ვენესუელადან მეზობელ ქვეყნებში მიგრაციული ტალღაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანა 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა. 

კომენტარები