სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: ეს არის უზრდელობა, როცა მოვინდომებ, მაშინ გიპასუხებთ

ტვ პირველი

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ამბობს თუ არა უარს საფრანგეთის მოქალაქეობაზე, უზრდელობა უწოდა და თქვა, რომ მათ პასუხს მაშინ გასცემს, როცა მოინდომებს. 

"არ გპასუხობთ, ეს არის უზრდელობა, მე როცა მოვინდომებ, მაშინ გიპასუხებთ", - თქვა ზურაბიშვილმა და ჟურნალისტებს ჭიშკარი მიუჯახუნა.  

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.

ინფორმაცია ქართული ოცნების დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დაადასტურა. ბესელიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის შანსებზე ისაუბრა და თქვა, რომ მას "პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს. 

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა, მას მისი დათმობა მოუწევს, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატის განცხადებას თან უნდა ერთოდეს ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა ერთოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება, თუმცა ზუსტი თარიღი პრეზიდენტს ამ დრომდე არ დაუსახელებია. უცნობია ისიც, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას თავად გიორგი მარგველაშვილი.

კანდიდატი არ დაუსახელებია არც მმართველ პარტიას. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატი საერთოდ არ დაასახელონ და უკვე არსებულს დაუჭირონ მხარი. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება, რომელსაც ოფიციალურად ასევე არ უთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. 

კომენტარები