აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

შსს საპროტესტო წარწერების გამო რადიო მოზაიკას დირექტორის დაჯარიმებას ითხოვს

რადიო მოზაიკა

დავით სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გორის ქუჩებში გაკეთებული წარწერების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

უწყება რადიო მოზაიკის დირექტორს, გვანცა დოლუაშვილს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. 

დოლუაშვილი ამბობს, რომ გამოძიება სამი პოლიციელის პატაკის საფუძველზე დაიწყო. მისი ინფორმაციით, პატაკში წერია: 

„ვმოძრაობდით სამსახურეობრივი ავტომანქანით „შკოდა“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით AB-982-AB, რა დროსაც სტალინის ქუჩა #19-თან, რესტორან „ელდეპოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე შევნიშნეთ ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც სპრეი საღებავით აკეთებდნენ წარწერებს ფეხით სავალ ნაწილზე. გოგონა იყო ჩვენთვის ნაცნობი გვანცა ზურაბის ასული დოლუაშვილი, დაბადებული 08.02 1992 წელს, ხოლო მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენ ვერ ვიცანით. ვინაიდან ჩვენ ვმოძრაობდით ცენტრალურ გზაზე, იმის ამო, რომ ხელი არ შეგვეშალა სხვა ავტომანქანებისთვის, ავტომანქანა გავაჩერეთ ცოტა მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ახალგაზრდები აკეთებდნენ წარწერებს ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე. როდესაც ავტომანქანიდან გადმოვედით და მივედით ზემოთხსენებულ ადგილზე სიტუაციის გასარკვევად, იქ ახალგაზრდები აღარ დაგვხვდნენ, თუმცა ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე დაგვხვდა წარწერა შემდეგი შინაარსით  - „მკვლელი ქუჩაშია“, - წერია პატაკში. 

დოლუაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიაზე, სადაც წარწერებია, საღამოს მანქანები ფაქტობრივად არ მოძრაობენ, ასევე ცოტაა ფეხით მოსიარულე ადამიანების რაოდენობა და თუ პოლიციელები სამართალდარღვევას შეესწრნენ, მისი აღკვეთაც ადგილზე, მალევე შეეძლოთ.
 


ფოტო: რადიო მოზაიკა

"პატაკში წერია, ჩვენ მანქანიდანვე დავინახეთ, რომ ერთ-ერთი, ვინც წარწერას აკეთებდა, არის ჟურნალისტი გვანცა დოლუაშვილიო. თუ მიცნეს, რატომ ადგილზევე არ მომთხოვეს გაჩერება და მეორე, რატომ არ დამიბარეს გამოკითხვაზე მეორე დღესვე. რატომ შემოდეს ეს საქმე თაროზე და რატომ ჩამოიღეს ორი თვის შემდეგ - ეს არის ის ძირითადი ორი კითხვა, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულს, და დაზარალებულად მივიჩნევ თავს, მაქვს. მხოლოდ სამი პოლიციელის ახსნა-განმარტების საფუძველზე მაყენებენ თავის მართლების პოზიციაში. მე მგონია, რომ არც საპირისპიროს მტკიცების და არც თავის მართლების ვალდებულება არ მაქვს. პოლიციელებმა ან უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, ან უნდა აღიარონ, რომ ისინი არ აქვთ და ეს არის პირდაპირი შეტევა მედიაზე და სამოქალაქო აქტივიზმზე. მათ უნდათ, რომ პროტესტი გახდეს სანქცირებადი, მე ასე ვხედავ ამ ამბავს", - ამბობს დოლუაშვილი.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თბილისში გამართული აქციების პარალელურად, ივნისის დასაწყისში გორის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“.

საქმის ადმინისტრაციული განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში ხვალ ან ზეგ გაიმართება. დოლუაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. 

კომენტარები