ასტრონომია

მეცნიერებმა მარსზე ტბა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულის საფარველის ქვეშ 20 კილომეტრზე გადაჭიმული, დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმის ტბა არსებობს. ეს ინფორმაცია მეცნიერებმა დაბალი სიხშირის რადარის, მეტსახელად "MARSIS"-ის მეშვეობით მოიპოვეს, რომელიც 15 წელია რაც მარსის ორბიტაზე მოძრაობს. 

Marsis-ის მსგავსი ხელსაწყოები პლანეტის ზედაპირზე დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს გზავნის, რომელიც შემდეგ უკან ბრუნდება. სხვადასხვა მასალა განსხვავებულად აირეკლავს რადარის ტალღებს, რაც მეცნიერებს აძლევს საშუალებას დაადგინონ, თუ როგორია ზედაპირის გეოლოგიური შემადგენლობა. 

"Marsis-ი სწორედ მსგავსი აღმოჩენის გასაკეთებლად იყო შექმნილი. ფსკერიდან არეკლილი ტალღები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ზედაპირის. ეს წყლის არსებობის უტყუარი მტკიცებულებაა. დედამიწაზე მსგავს რამეს მხოლოდ მაშინ ვაწყდებით, როცა ანტარქტიდის ყინულ ქვეშ არსებულ ტბებს ვიკვლევთ." - ამბობს ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის რადიოასტრონომი და კვლევის ხელმძღვანელი რობერტო ოროსეი. მისი გუნდის აღმოჩენა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, პლანეტის გეოლოგიას შეეხება და მარსზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობასაც განიხილავს. 

 

 

 

კომენტარები