ასტრონომია

ასტრონომებმა მე-3 ვარსკვლავთშორისი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში შემოვა

ვარსკვლავთშორისი ობიექტი 3I/ATLAS
David Rankin/Saguaro Observatory

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასტრონომებმა ახალი ვარსკვლავთშორისი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ წარმოიშვა, რაც ისტორიაში მსგავსი მესამე აღმოჩენაა. 

ABC News-ის მიხედვით, ობიექტი, სახელად 3I/ATLAS, სავარაუდოდ, კომეტაა და ბევრად სწრაფად მოძრაობს, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი ნებისმიერი სხვა ვარსკვლავთშორისი ობიექტი. როგორც ჩანს, ობიექტი მზისკენ 60 კმ/წმ სიჩქარით მოემართება. 

აქამდე ჩვენს მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტების შემოსვლის მხოლოდ ორი შემთხვევა დასტურდება - აღნიშნული ორი ობიექტის სახელებია ოუმუამუა და კომეტა 2I/Borisov.

სამხრეთ კვინსლენდის უნივერსიტეტის პროფესორმა და ასტრონომმა, ჯონთი ჰორნერმა ABC News-ს განუცხადა, რომ 3I/ATLAS-ის აღმოჩენა საკმაოდ ადრეულ ეტაპზე მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ასტრონომებს "სულ მცირე, რვა თვის განმავლობაში შეძლებენ მასზე დაკვირვებას."

ახალი ვარსკვლავთშორისი ობიექტი ჩილეში მდებარე ATLAS-ის ტელესკოპმა 1-ელ ივლისს შენიშნა. განმეორებითი დაკვირვებების შედეგად კი დადგინდა, რომ მისი ორბიტა განსაკუთრებით უჩვეულო იყო. პროფესორი ჰორნერის თქმით, ობიექტზე მზის გრავიტაციის ზემოქმედება ფაქტობრივად არ არსებობდა. 

ATLAS წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებულ ხუთ ტელესკოპთა სისტემას. NASA-ს მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის მიზანი კოსმოსური ობიექტების პოვნაა, რომლებიც შესაძლოა, შესაძლოა, დედამიწასთან შეჯახების ტრაექტორია აქვთ. 

ობიექტის პირველად შემჩნევის შემდეგ კი აშშ-ს Minor Planet Centre-ის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ 3I/ATLAS ვარსკვლავთშორისი ობიექტი იყო. მათივე თქმით, სურათებიდან გამომდინარე, რომელზეც ობიექტს მოკლე კუდი ჰქონდა, 3I/ATLAS, სავარაუდოდ, კომეტაა, თუმცა ამის დასადასტურებლად დამატებითი დაკვირვებები იქნება საჭირო. თუმცა, ამისთვის ასტრონომებს ბევრი დრო ექნებათ.

ABC News-ის ცნობით, ამჟამინდელი გათვლებით, ობიექტი მზესთან ყველაზე ახლოს ოქტომბრის ბოლოსკენ იქნება, რის შემდეგაც იუპიტერს გასცდება და მომდევნო წლის მარტისთვის ჩვენს მზის სისტემას დატოვებს. 

თუმცა, როცა 3I/ATLAS მზესთან ყველაზე ახლოს ჩაივლის, იმ დროისთვის დედამიწა მზის სისტემის მეორე მხარეს იქნება, რის გამოც ვარსკვლავთშორისი ობიექტის დანახვა შედარებით უფრო რთული იქნება. 

"მარსზე რომ ვყოფილიყავით, ბევრად უფრო კარგი ხედი გვექნებოდა," თქვა პროფესორმა ჰორნერნმა. 

გამოცემა New York Times-თან საუბრისას NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტების პროგრამის ოფისის, რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მენეჯერმა, პოლ ჩოდასმა განაცხადა, რომ ობიექტის სიკაშკაშის გამო მისი ზომის განსაზღვრა რთულია, შესაბამისად "ჯერჯერობით ნაადრევია" იმის თქმა, თუ რა ზომისაა 3I/ATLAS.

ზოგადად, ვარსკვლავთშორისი ობიექტების აღმოჩენა განსაკუთრებით იშვიათი მოვლენაა, თუმცა ახალი ტელესკოპების, როგორიცაა Rubin-ის ობსერვატორია, დიდი ალბათობით, უფრო მეტი მსგავსი ობიექტის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. 

"ჩვენ ათწლეულზე ნაკლებ პერიოდში სამი [ვარსკვლავთშორისი ობიექტი] აღმოვაჩინეთ ამჟამინდელი ტექნოლოგიით. Rubin-ის ობსერვატორია, ალბათ, ბევრად უკეთესია მათ აღმოჩენაში," თქვა პროფესორმა ჰორნერმა. 

ABC-ის ცნობით, ამუშავებიდან 10 საათის განმავლობაში ობსერვატორიამ მზის სისტემაში 2 000-ზე მეტი მანამდე უცნობი ასტეროიდი შენიშნა. 

კომენტარები