ასტრონომია

ასტრონომებმა დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება აღმოაჩინეს

არტისტის წარმოსახვით შექმნილი პლანეტა K2-18b
© Amanda Smith

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ასტრონომებმა დედამიწიდან 124 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარე პლანეტაზე ბიოლოგიური აქტივობის ნიშნები აღმოაჩინეს, რაც მათი თქმით, დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა.

მეცნიერებმა პლანეტა K2-19b-ის ატმოსფეროში ორგანული მოლეკულების აღმოსაჩენად კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს. დედამიწაზე მსგავს ორგანულ მოლეკულებს მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები წარმოქმნიან. აღნიშნული პლანეტა წყლით არის დაფარული, დედამიწას ზომით 8.6-ჯერ აღემატება და წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს.

"იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ამ პლანეტის შესახებ ვიცით, პლანეტა, რომლის ოკეანეც მდიდარია სიცოცხლით, საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მონაცემებს ყველაზე უკეთ შეესაბამება". - ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორი, ნიკუ მადჰუსუდჰანი.

კვლევები აჩვენებს, რომ K2-18b-ზე არსებული პირობები მსგავსია იმ გარემოსი, რომელიც დედამიწის ადრინდელი პერიოდის ოკეანეებში იყო.

ასტრონომებს გადაჭრით არ უთქვამთ, რომ პლანეტაზე ბიოლოგიური აქტივობის შესახებ საბოლოო მტკიცებულებები აქვთ, თუმცა აღნიშნეს, რომ მიგნებები დამაჯერებელია, ვინაიდან არ არსებობს ცნობები არაბიოლოგიური პროცესის შესახებ, რომელიც ასეთი დიდი ოდენობის ორგანული მოლეკულების არსებობას ხსნის.

პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილი მოლეკულები დიმეთილსულფიდი (DMS) და დიმეთილდისულფიდია (DMDS), რომლებსაც დედამიწაზე მხოლოდ წყალში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმები, მაგალითად ფიტოპლანქტონები, გამოყოფენ. კემბრიჯის მეცნიერების თქმით, არ არსებობს ცნობები არაბიოლოგიური პროცესის შესახებ, რომის დროსაც დიდი რაოდენობით DMS და DMDS გამოიყოფა.

ასტრონომები დედამიწისგან შორს მდებარე პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის გასარკვევად მის მეზობლად მდებარე ვარსკვლავიდან წამოსულ სინათლეს იყენებენ, როდესაც პლანეტა დედამიწასა და ვარსკვლავს შორის გაივლის. პლანეტის ატმოსფეროში გამოვლა ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივის სპექტრზე კვალს ტოვებს, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ, თუ რა სახის ბუნებრივი აირები არსებობს მის ატმოსფეროში.

კომენტარები