ასტრონომია

ოდეს ერთგან მუშთარ - ზუალ შეიყარნეს: სატურნ-იუპიტერის შეერთება ვეფხისტყაოსანში

ზამთრის მზებუდობა, რომელიც თბილისის დროით 14:02-ზე დადგა, წელს განსაკუთრებულ ასტრონომიულ მოვლენას თანხვდება: მზის სისტემის ორმა ყველაზე დიდმა პლანეტამ, სატურნმა და იუპიტერმა იშვიათი პლანეტარული განლაგება მიიღეს, უფრო ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, ვიდრე ბოლო 400 წლის განმავლობაში.

ამ მოვლენას ასტრონომები "დიდ შეერთებას" უწოდებენ და მასზე დაკვირვება, დღეს, 21 დეკემბრის საღამოდან, საქართველოს ცაზე შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.

მოვლენამ ქართველებს ვეფხისტყაოსანი გაახსენათ, სადაც (1429) ავტორი მეტაფორულად გმირების შეხვედრას სატურნისა და იუპიტერის შეყრას ადარებს.

"ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;

ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარზუალ შეიყარნეს"

მუშთარ და ზუალ ლექსიკონის თანახმად, იუპიტერი და სატურნი არიან. 

მეცამეტე საუკუნეში, 1226 წელს 4 მარტს იუპიტერი და სატურნი მართლაც შეერთდნენ, თუმცა, ამ დროისთვის, ისტორიკოსების უმრავლესობის მოსაზრებით, თამარიცა და რუსთაველიც გარდაცვლილები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო ვეფხისტყაოსანი - დაწერილი.

მიუხედავად ამისა, არსებობს მკვლევართა ნაწილის მოსაზრება, რომ ვეფხისტყაოსანი გვიანი ტექსტია.

კომენტარები