ბანკები ლობირებენ ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ვითომ მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული, მათი დაცვისკენ, სინამდვილეში კი ასეთი რეგულაციებით ბაზრიდან დევნიან პატარა მოთამაშეებს და ზრდიან საკუთარ მოგებას.
ის, რომ კომპანიებს ბანკებისთვის საკუთარი შიდა სამზარეულოს სრულად ჩვენება უწევთ, რითიც შემდეგ სარგებლობენ ბანკები და შედიან ბიზნესის სხვადასხვა სფეროში (მშენებლობა, ჯანდაცვა, დაზღვევა, ლუდი! და ა.შ.), ასევე გამოწვეულია ბანკების გათავხედებული მდგომარეობით და კონკურენციის ნაკლებობით, რაც თავის მხრივ რეგულაციებითა და ბანკების მხრიდან საკუთარი ინტერესების წარმატებული პოლიტიკური ლობირებითაა გამოწვეული. ანუ პრობლემა არის ის, რომ წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების პირობებში, ბანკებმა მთავრობებთან ალიანსით ბაზარზე ისეთი დომინანტური პოზიციის მოპოვება მოახერხეს, რომ ახლა ზეგათავხედებულები არიან - უფრო მეტიც, პრაქტიკულად აშანტაჟებენ სახელმწიფოს, რადგან თუ მათ პრობლემა შეექმნებათ, ეს ჩამოშლის არა მხოლოდ ფინანსურ სექტორს, არამედ მთელ ეკონომიკას (რაც სიმართლესთან ახლოსაა).
გამოსავალი არის მეტი კონკურენცია! ბაზრის გათავისუფლება და ახალი მოთამაშეების მარტივად დაშვება ბაზარზე, მათ შორის უცხოური მოთამაშეებისაც. ნებისმიერი მცდელობა ბანკების შეზღუდვის ახალი რეგულაციებით, დასრულდება ამ ბანკების კიდევ უფრო გაძლიერებითა და მათი მოგების კიდევ უფრო გაზრდით!