ზურა ჯაფარიძე

ჯაფარიძე: 140 მილიონს ვხარჯავთ სპორტზე, ვზრდით მთავრობის ერთგულ დამრტყმელ ძალას

ტაბულა

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ქართული ოცნების მიერ გორის მერობის კანდიდატად მოჭიდავის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, კომენტარი გააკეთა, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"ხინჩეგაშვილის გორის მერობის კანდიდატობაზე.

დაახლოებით 140 მილიონ ლარს ვხარჯავთ ცენტრალური ბიუჯეტიდან სპორტზე. ამაში არ შედის სოციალური დახმარებები ‘ღვაწლმოსილი’ სპორტსმენებისთვის, სპორტული დაწესებულებების შენობების რემონტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპორტზე გაწეული ხარჯები. 140 მილიონს ვხარჯავთ და ამას ვამართლებთ იმით, რომ უნდა ‘გადავარჩინოთ ქართული სპორტი’, ‘ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას’, ‘რაგბი ჩვენი თამაშია’, ‘ჭიდაობა ეროვნული სიამაყეა’, ‘ორმა ჩეჩენმა შვიდი ქართველი ცემა და ეგრე როგორ შეიძლება’ და სხვა..

რა ხდება სინამდვილეში:

ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში გვაქვს სხვა პრიორიტეტები - გვირჩევნია ფული დავხარჯოთ ისეთ რაღაცეებში, რაც სასიცოცხლოდ გვჭირდება, და არ დავხარჯოთ რაგბის, ჭიდაობის, ფეხბურთის, ძიუდოს, კალათბურთის თუ მკლავჭიდის საყურებელ ბილეთებში. ჩვენ რომ ვხარჯავდეთ ფულს ზემოთ ხსენებული ბილეთების შეძენაში, მაშინ სპორტის ეს და სხვა სახეობები მიიღებდნენ შემოსავალს და აღარ დასჭირდებოდათ ბიუჯეტიდან ჩვენთვის გადასახადების სახით წართმეული ფული (ეს მარტო სპორტს არ ეხება, მაგრამ დანარჩენზე - სხვა დროს), მაგრამ ამ დროს მოდის მთავრობა, რომელსაც ფეხზე ჰკიდია ჩვენი პრიორიტეტები, პოლიციის ძალით გვართმევს გადასახადებს (არ გადაიხდი, ციხეა) და იწყებს სპორტის სხვადასხვა სახეობების დაფინანსებას. ათწლეულებია, ასობით მილიონს ვხარჯავთ იმაში, რომ ვზრდით კუნთმაგარ ადამიანთა დიდ მასას, რომელთაც ერთადერთი, რაც ეხერხებათ, მოწინააღმდეგის ფიზიკური დათრგუნვაა

გადის წლები, ეგეთი ადამიანების რაოდენობა იზრდება და მათმა უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის, რა აკეთოს ცხოვრებაში, რადგან არანაირი სხვა უნარი, გარდა ვინმესთან ფიზიკური დაპირისპირებისა, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია. რამდენი ითამაშებს რაგბის საფრანგეთში? რამდენი გახდება ოლიმპიური მედალოსანი? რამდენი მოინდომებს და მოახერხებს პარალელურად სხვა უნარების შეძენას? ძალიან ცოტა. დანარჩენების დიდი ნაწილი, მთავრობის დასაყრდენი დამრტყმელი ძალა ხდება და ეს უკვე ტრადიციად იქცა. ეგ ხალხია, ვინც ყოველთვის მზადაა, ფიზიკურად დაიცვას მთავრობა და, შესაბამისად, საკუთარი შემოსავლის გარანტირებული წყარო. გამონაკლისები, რომლებიც ქვეყნის სახელით წარმატებას მიაღწევენ, შემდეგ სამთავრობო ხაზით პოლიტიკაში მოდიან, როგორც ცნობადი სახეები, როგორც წარმატებული ადამიანები, ისე, რომ ცხოვრებაში გადაბმულად 5 წუთი არ აქვთ ნაფიქრი იმაზე, თუ როგორ არის სწორი საზოგადოების მოწყობა.

ხინჩეგაშვილიც ამ ტრადიციის გაგრძელებაა, თუმცა მისით არც დაწყებულა ეს ამბავი და არც დასრულდება. ამ ყველაფერში ყველაზე ირონიული ისაა, რომ ეს სისტემა მხოლოდ ჩვენი ფულით მუშაობს, ჩვენთვის გადასახადების სახით წართმეული ფულით. ჩვენი ფულით ვზრდით ხალხს, რომლებიც მერე ჩვენ გვიპირისპირდებიან ფიზიკურად თუ ხელისუფლების შეცვლას გადავწყვეტთ ან გვევლინებიან მმართველებად, თუნდაც ფორმალურად, ისე რომ %-ის გამოთვლა არ იციან. და ჭამენ ისევ ჩვენს ფულს. ეს სისტემა მუშაობს, რადგან გულის სიღრმეში თქვენც გჯერათ, რომ აბა სხვანაირად როგორ? რომ მოკვდეს ქართული სპორტი? აბა, ისე ვინ ივარჯიშებს და ხომ განარკომანდა ახალგაზრდობა? ოლიმპიური ოქრო ხომ გიხარია და ფული თუ არ დახარჯე, აბა როგორ იქნება? და ა.შ. და ა.შ.

btw, წულუკიანს აბარია ახლა ეს სფერო."

 

კომენტარები