"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები დავიწყეთ პრემიერმინისტრთან და ძალიან საინტერესო დისკუსია გავხსენით" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. კონსულტაციებზე მმართველი გუნდი მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებს განიხილავდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს, საკანონმდებლო დონეზე რა ცვლილებები შეიძლება გატარდეს.
"ეს დისკუსია არ დასრულებულა, ეს გრძელდება, უბრალოდ, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა ცალკეული მიმართულებით. ხვალაც გაგრძელდება ამავე ფორმატში. როცა დისკუსია და კონსულტაციები დასრულდება, თავად პრემიერი გააკეთებს განცხადებას.
ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციის სვლა, რომელზეც საუბრობდა პრემიერი, რა შედეგებს გამოიწვევს ის. ბუნებრივია, უფრო შინაარსობრივი და ჩაღრმავებული მსჯელობა გვაქვს ამ საკითხებზე, რომელიც დღეს ვერ ამოიწურა და ვერ დასრულდა" - განაცხადა ბესელიამ.
ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, ცვლილებების პირველი ეტაპი იქნება რესტრუქტურუზაცის შესახებ კანონში ცვლილება.
"ეს გვინდა, რომ მოკლე დროში მოგვარდეს და ამის შემდეგ, მოხდება სამთავრობო ცვლილებები" - აღნიშნა ბესელიამ.
კითხვაზე, რომელი სამინისტროები გაერთიანდება, ბესელიამ აღნიშნა, რომ "არ დავკონკრეტდები, დასრულდეს ჯერ ეს კონსულტაციები".
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტმა დროებითი მთავრობა დაამტკიცა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამინისტროების რაოდენობის 11-მდე შემცირებას გეგმავს, ასევე აანონსებს ახალი სახეების გამოჩენას მინისტრთა კაბინეტში. სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, პარლამენტმა ახალი მთავრობა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს.





