სპეცოპერაცია კლუბებში

შსს: რუსთავი 2-ის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შევისწავლით

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" შემდეგ, უწყება რუსთავი 2-ის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის.

"მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების - "ბასიანის" და "გალერის" საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე, შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია "იმედის", ასევე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გამოძიების მონაცემების გახმაურებას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ.

23 მაისს ტელეკომპანია "იმედის", 26 მაისს კი რუსთავი 2-ის ეთერში "ბასიანისა" და "გალერის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გავრცელდა. მათ შორის იყო ჩვენებები, ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერები, ასევე, ფოტოები.

გარდა ამისა, რუსთავი 2 აცხადებს, რომ გამოძიება და მიყურადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული მარშის" ლიდერების, ლადო სადღობელაშვილისა და სანდრო ბრეგაძის 9 მარტის მიმართვის შემდეგ დაიწყო. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ "მარშის" ლიდერების წერილი საქმეში მტკიცებულებად დევს.

12 მაისს ბასიანსა და გალერიში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველებმა კლუბებში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ ორივე კლუბი დროებით დაიხურა. "გალერის" ლუქი 22 მაისს მოხსნეს, "ბასიანს" კი 23 მაისს.

კომენტარები