საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე მისი ბიუსტის დადგმას ეხმაურება. პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ აქტივისტებმა დადგეს - წითელ ღილაკზე დაჭერით ის ბოდიშს იხდის.
მინისტრი ამბობს, რომ შსს და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას და ეს არის მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი.
"ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას, დავიცავთ და როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას რუსთაველზე", - თქვა გახარიამ.
შს მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება ყოველთვის მზადაა მწვავე კრიტიკულ კითხვებს უპასუხოს როგორც ოპონენტებისგან, ხშირად მისივე გუნდის წევრებისგანაც და "აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას".
მან ბასიანის მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის შემდეგ კლუბური ნარკოტიკით გარდაცვალების შემთხვევები შემცირებულია.
"12 მაისის შემდეგ, როცა ჩატარდა ეს ღონისძიება, კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი, ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ, ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები. კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციისა და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა ორი", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი ეს მდგომარეობა გაუარესდება, შსს-ს ვერავინ დაუშლის თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არც ერთი დახურული ზონა არ იქნება.
"აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ - როგორც კი მსგავსი პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. არ იქნება არც ერთი დახურული ზონა", - თქვა გახარიამ.
კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ ერთი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აქტივისტებმა სხვადასხვა ტიპის აქციები გამართეს - ხიდებზე ჩამოკიდეს ბანერები და რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე დაჭერისას ბოდიშს იხდის.
სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 2018 წლის 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა.
12 მაისის ღამესვე პარლამენტის შენობასთან დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
პარალელურად, დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. შსს-მ ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებიც განათავსა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.
მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს 14 მაისს, დღის ბოლომდე არ გამოხმაურებია. გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.
ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".
შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.
აქციას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ პარლამენტის წინ შეკრებული ახალგაზრდების ნაწილის ქცევამ და განცხადებებმა უარყოფითი მუხტი შემოიტანა და კონტრაქციის ჩატარების საფუძველი წარმოშვა.