სპეცოპერაცია კლუბებში

ბასიანის დამფუძნებლებმა ჯერ არ იციან, 27 მაისს აქცია გაიმართება თუ არა

კლუბ ბასიანის ერთერთი დამფუძნებლის ტატო გეთიას თქმით, ჯერ არ იციან, 27 მაისს ბასიანის დასაცავი აქცია გაიმართება თუ არა.

"დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ახლა უნდა წავიდეთ და სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, მოსაფიქრებელი გვაქვს ამ კვირის ამბავი და მოსაფიქრებელი გვაქვს კლუბის გახსნის ამბავი... ფაქტია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველას ვინც გვერდით გვედგა, გვიდგას და იმედია, გვედგება. დანარჩენ საკითხებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამაზე [აქციის შესახებ] ახლა წავალთ, ვიმსჯელებთ, რა შეცვალა ამ მოცემულობებმა და მოგვიანებით შეგატყობინებთ" - თქვა ტატო გეთიამ.

კლუბის კიდევ ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"ახლა წავალთ მენეჯმენტთან ერთად, რა სახე ექნება, როგორ იქნება [აქცია], ამას ერთობლივად გადავწყვეტთ და შეგატყობინებთ" - აღნიშნა გელბახიანმა.

მისივე ინფორმაციით, კლუბში ჩატარდა პირველადი დათვალიერება. 

"ერთი შეხედვით, ტექნიკა დაზიანებული არ არის, თუმცა უნდა შევისწავლოთ" - თქვა კლუბის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, კლუბი სტუმრების მიღებას სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში განაახლებს.

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ დროებით დაიხურა ორივე კლუბი, გალერის გუშინ ლუქი მოხსნეს, ბასიანი კი, ამ დრომდე დახურული იყო. კლუბის დამფუძნებელმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ბასიანი 1 ივნისამდე არ გაიხსნებოდა, ფინანსური დავალიანების გამო, მისი ოფიციალურად დახურვა მოუწევდათ.

ამასთან, კლუბ ბასიანის ორგანიზებით, 27 მაისს აქცია იყო დაანონსებული - ბრძოლა ბასიანისთვის.

კომენტარები