გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

საქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ცენზურა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, კანონმდებლების მხრიდან უკვე რამდენჯერმე იყო ამ ნორმის გვერდის ავლის მცდელობა. გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიშ პრეცედენტებს ქმნიან მოსამართლეებიც.

საქმე იმაშია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს პრეცედენტული, ანუ, შესაძლებელია, მსგავსი შინაარსის საქმეზე სასამართლომ წინა გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელოს და იდენტურად დაასაბუთოს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ერთი საქმე საშიშია კონკრეტულ პერიოდში, მას შეიძლება ჰქონდეს განგრძობითი ეფექტი.

ტაბულამ შეაგროვა და ქრონოლოგიურად აღრიცხა ბოლო პერიოდის სასამართლოს გადაწყვეტილებები და კანონები ან კანონპროექტები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

კანონი შუღლის გაღვივების შესახებ

პარლამენტმა მიიღო და 2015 წლის 12 ივნისიდან ძალაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლი, რომლითაც დასჯადი გახდა "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ".

კანონპროექტის ინიციატორი საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და თავდაპირველად, ის "შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებისთვის" 2-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

დოკუმენტში მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით ასე იყო განმარტებული - "ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით".

შსს-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შუღლის გაღვივების ამკრძალავი ნორმის შემოღების მიზანი "საზოგადოების ყველა სეგმენტის მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა" იყო, თუმცა მათ არ ეთანხმებოდნენ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მედია.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 18-მა წარმომადგენელმა კანონპროექტს სარისკო უწოდა. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ახალ ჩანაწერს დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ საპირისპირო აზრის ჩამხშობ ბერკეტად ქცევის საფრთხედ მიიჩნევდნენ.

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ სიძულვილით მოტივირებული კონკრეტული დანაშაულების ჩადენის დროს არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიულია და სახელმწიფო დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით აბსოლუტურ პასიურობას ავლენს. სწორედ ამიტომ, განცხადების ავტორები ამბობდნენ, რომ დაბალია ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა.

კანონის თავდაპირველმა პროექტმა დეპუტატების ნაწილის შეშფოთებაც გამოიწვია, მათ შორის იყვნენ პარლამენტარები კოალიცია "ქართული ოცნებიდან". შედეგად, ფორმულირება "შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებები" კანონპროექტიდან ამოიღეს და მის ნაცვლად გაჩნდა "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ".

საბოლოოდ მიღებული ვარიანტით, პირი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ჯარიმით ან 200-დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისჯება, თუ ის საჯაროდ მოუწოდებს ძალადობრივი ქმედებისკენ, განხეთქილების ჩმოგდების მიზნით.

ამ ტიპის მოწოდებები დასჯადია იმ შემთხვევაში, თუ ეს მოწოდება "ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს" ქმნის.

17 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფორმულირების შეცვლის მიუხედევად, დაგეგმილი ნორმა გამოხატვის თავისუფლების კუთხით კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს. ისინი პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო აღნიშნული ცვლილება. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

რუსთავი 2-ის საქმე

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე. ეს თქვა არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ამის ეჭვი გაუჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის თანამფლობელი 2004-2006 წლებში იყო, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის აგვისტოში მიმართა. ამას მოჰყვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება და ხანგრძლივი, ხმაურიანი სასამართლო პროცესები. საქალაქო სასამართლოში საქმეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა.

2015 წლის 3 ნოემბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს პანორამასი, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა.


ფოტო: ტაბულა
სასამართლოს პარალელურად, იმართებოდა საპროტესო აქციები, მოქალაქეები, აქტივისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი მიმდინარე პროცესებს ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებდნენ. გიორგი ვოლსკიმ ისიც თქვა, რომ "წართმეული უნდა დაბრუნდეს".

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც განხილვები 2016 წლის ივნისში დაასრულა. მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით გადაწყვიტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაეტოვებინა და ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიაკუთვნა.

2017 წლის 2 მარტს კი რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

ამის შემდეგ, რუსთავი 2-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს აღსრულება იმავე დღეს, რამდენიმე დღით შეაჩერა. 7 მარტს კი ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა.

ტელეკომპანიის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე სწავლობენ. საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართეს საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

ფადი ასლის საქმე

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე რომ ვლადიმერ კაკაბაძე, თეა ბერაია ან გოგიტა თოთოსაშვილი ყოფილიყო, შესაძლოა ეს სტატია კრიტიკად ჩაეთვალა და ამისთვის ჟურნალისტი დაეჯარიმებინა.

სწორედ ეს გააკეთა მოსამართლე ბერაიამ ბიზნესმენ ფადი ასლისთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც ასლიმ სხვა მოსამართლეს, ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებული უწოდა.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 138 მილიონი დოლარით დაჯარიმებას. გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ, მოსამართლე კაკაბაძის გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

კომპანიების უსაფუძვლოდ დაჯარიმების გამო ფადი ასლიმ ეჭვი გამოთქვა, რომ მოსამართლე კორუმპირებული იყო, რის გამოც ვლადიმერ კაკაბაძემ ასლის უჩივლა. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, თეა ბერაიამ ასლის კაკაბაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის გადახდა და ამ ინფორმაციის იმ მედიით გავრცელება დაავალდებულა, სადაც ასლიმ მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა. თეა ბერაიას გადაწყვეტილება ფადი ასლიმ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ - მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა ის ძალაში დატოვა. ამჟამად დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლომ ფადი ასლის დაჯარიმებით კანონის მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რითიც საჯარო ხელისუფლების ყველა კრიტიკოსს გაუგზავნა სიგნალი, რომ მათი კრიტიკა დასჯადი ხდება.

"ეს პრეცედენტი განგაშის ზარი უნდა იყოს ყველასთვის სამოქალაქო საზოგადოებაში, რამდენადაც დემოკრატიული საზოგადოებრივი დებატის სასამართლოს მეშვეობით ჩახშობის განუზომელ პოტენციალს ქმნის. სასამართლომ არათუ ფეხქვეშ გათელა სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება, არამედ აშკარად თვითნებურად და მცდარად განმარტა სიტყვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონი ადგენს სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტს და სამაგალითოა სიტყვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით. სასამართლომ კანონის ნათელი ცნებები და სტანდარტები თავდაყირა ამოატრიალა და მათი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საპირისპიროდ განმარტა, ისე რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა", - აცხადებს ზედელაშვილი.

"რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა"

გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი კანონპროექტი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ მოამზადა, ხოლო მისი პარლამენტში ინიცირება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოახდინა.

ტომარაძე მიიჩნევს, რომ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ".

კანონპროექტის ავტორის აზრით, "რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას", ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა.

იმას, რომ ამ კანონის მიღების საფრთხე რეალური იყო, ადასტურებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება. კომიტეტმა, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, მას მხარი დაუჭირა.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის აზრით, კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. NGO-ებმა პარლამენტს მოუწოდეს არ მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი და არ გახდეს ღია და თავისუფალი საჯარო დებატების ჩახშობის ხელშემწყობი. ამავეს მოუწოდებდა საკანონმდებლო ორგანოს Amnesty International.

კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოშიც, სადაც დოკუმენტთან კავშირი უარყვეს.


ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
2016 წლის 15 თებერვალს სოსო ჯაჭვლიანმა ინიცირებული კანონპროექტი გამოითხოვა და ეს იმით ახსნა, რომ ის დახვეწას საჭიროებს.

ორი წლის შემდეგ, იგივე შინაარსის კანონის იდეა ამჯერად ემზარ კვიციანს გაუჩნდა. იმ განსხვავებით, რომ ის "დარღვევისთვის" სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. კერძოდ, მისი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 155/1 მუხლი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ასევე რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.

კანონპროექტის ავტორის აზრით, ამგვარი "დარღვევა" ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უნდა ითვალისწინებდეს.

ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტს იდეის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ამჯერად სოფიო კილაძის თავმჯდომარეობით. მისი თქმით, ბოლო პერიოდში "მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა", რამაც ის აღაშფოთა.

ემზარ კვიციანის კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი კვლავ პარლამენტშია და არ არის გამორიცხული, დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირონ, შედეგად კი, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი ნორმა მივიღოთ.

"აიისა"

2018 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის, რომელიც დაცული სექსისთვის საუკეთესო საშუალებაა, ორ თითზე წამოცმა საზოგადოების ღირსებასა და მორალს ლახავს. როგორც ჩანს, შეილახა თავად მოსამართლის ღირსებაც, რადგან 9-გვერდიან გადაწყვეტილებაში, რომელიც პრეზერვატივების კომპანიას ეხება, ერთხელაც არ არის ნახსენები სიტყვა "პრეზერვატივი".

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, კომპანია "აიისა" 500 ლარით დაჯარიმდა და მას რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გაყიდვა აეკრძალა, მათ შორისაა: "ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა", "ძლევაი საკვირველი" და სამეფო გვირგვინის გამოსახულება, წარწერა "სამეფო კარი თამარში" და თამარ მეფის გამოსახულება, გამოსახულება "მაკურთხებელი ხელი".


ფოტო: აიისა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, როგორ შეიძლება შელახოს პრეზერვატივის შეფუთვამ საზოგადოების ღირსება და მორალი, დოკუმენტში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რა არის ნათლისღება, რა ადგილი უკავია დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში, რა დამსახურებები ჰქონდა თამარ მეფეს და რომ ორი თითი სასულიერო პირების მიერ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს გამოიყენება.

"აიისას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ასევე წარმოებულ პროდუქტზე განთავსებული რეკლამები თავისი წარწერებით და გამოსახულებებით არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს", - ნათქვამია დასაბუთებაში, თუმცა კვლავ არ არის განმარტებული, პრეზერვატივზე გაკეთებულმა წარწერამ როგორ შეიძლება ხელყოს ეროვნული და ისტორიული საგანძური, ძეგლები.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებისთვის ძალიან საშიში პრეცედენტია.

"ეს არის ფაქტობრივად სახელმწიფოს და სასამართლოს მხრიდან ცენზურის დაწესება გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლებისთვის. უკვე დროა, ყველამ განგაშის ზარი შემოვკრათ, იმიტომ, რომ არამხოლოდ თვითმმართველობის ორგანო თვლის რომ მორალი, ზნეობა უნდა იქცეს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარანტად, არამედ, ამას ასე მიიჩნევს სასამართლოც და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, რომელიც "აიისას" დამფუძნებლის ინტერესებს სასამართლოში იცავს.

"გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არამხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის მისაღებია ან არ იწვევს რეაქციებს, არამედ, პირველ რიგში ისეთი ინფორმაცია, რომელიც თუნდაც უმრავლესობისთვის შემაშფოთებელია და მძაფრ რეაქციებს იწვევს საზოგადოებაში", - აცხადებს ტაბულასთან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია.

მისი თქმით, ის, რომ თამარ მეფის სურათი პრეზერვატივზე ბევრისთვის მიუღებელი იყო, სასამართლოს მეშვეობით კონკრეტული გამოხატვის აკრძალვის საფუძვლად ვერ გამოდგება.

"ცხადია, მეორე მხარესაც თავისუფლად შეუძლია ამის კრიტიკა და აზრის დაფიქსირება, თუმცა როცა სასამართლოს მიერ ხდება გარკვეული მორალური მსჯელობების შემოტანა, ეს საფრთხის შემცველია, რადგან შეიძლება გავრცელდეს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროზე. ეს არის ერთი ქეისი, რომელსაც შეიძლება ბევრნაირი გაგრძელება მოჰყვეს პრაქტიკაში, თუ სასამართლო ამ პრაქტიკას დაადგენს. გარდა ამისა, სასმართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც გარკვეულწილად იმის სიმპტომია, რომ ქვეყანაში საფრთხე შეიძლება შეექმნას უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრის გამოხატვას" , - აცხადებს ბერაია.

კანონი შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ

შუღლის გაღვივებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან "დაცვის" შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ქვეყანაში შემოქმედებითი თავისუფლებაც "დაარეგულიროს". პარლამენტი განიხილავს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში შეიძლება შემოქმედებითი ცენზურა დაწესდეს. საუბარია კულტურის შესახებ კანონის ჩანაწერზე, რაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

ცვლილება შედის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვით ნაწარმოების აკრძალვის უფლება ენიჭება მხოლოდ სასამართლოს ენიჭება.

კანონპროექტი ცენზურას უქვემდებარებს შემდეგ შემთხვევებს:

  • როდესაც ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეროვნულ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეთნიკურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რელიგიურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რასობრივ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები ქადაგებს ომს და ძალადობას;
  • როდესაც ნაწარმოები პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

ანუ, ამ პუნქტების გათვალისწინებით, კანონის მიღების შემთხვევაში, ცენზურა შეიძლება შეეხოს: "ვეფხისტყაოსანს", "ჯაყოს ხიზნებს", "ბიბლიას", "მთვარის მოტაცებას", "დიდოსტატის მარჯვენას", "ლონდრეს", "ნატვრის ხეს", "შერეკილებს", "თეთრ ბაირაღებს"; ისეთ ოსკაროსან ფილმებს, როგორებიცაა call me by your name (შენი სახელით მომმართე), brokeback mountain (კუზიანი მთა), the handmaiden (მოსამსახურე), dallas byers club (დალასის შემსყიდველთა კლუბი), EYES WIDE SHUT (ფართოდ დახუჭული თვალებით), THE DANISH GIRL (დანიელი გოგონა); სერიალები: Game of thrones (სამეფო კარის თამაშები), the young pope (ახალგაზრდა პაპი); პაოლო პაზოლინის და გასპარ ნოეს ფილმები და ა.შ. ჩამონათვალი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.

"ვეფხისტყაოსანი", მიხაი ზიჩი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ნაწარმოების აკრძალვის მხოლოდ ერთ შესაძლებლობას აწესებს - იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ნაწარმოები ლახავს ადამიანის უფლებებს. ის სია, რაც კულტურის შესახებ კანონის პროექტშია მოცემული, კონსტიტუციის ჩანაწერს არ შეესაბამება.

"ამ შემთხვევაში მაგალითად ჰიტლერის მაინ კამფიც უნდა ავკრძალოთ. შესაძლებელია იყოს ფილმი, ლექსი, სპექტაკლი და ასე შემდგომ. რას დაინახავს მოსამართლე დარღვევად, წინასწარ რთულია დადგენა. მაგალითად, "აიისას" საქმეზე, "ძლევაი საკვირველი" დაინახა, როგორც პრობლემა. ძალიან საშიშ პრეცედენტებთან გვაქვს უკვე საქმე. ეს აღარ არის ერთი და ორი ინდივიდუალური შემთხვევა, ეს არის ტენდენცია, რომელიც ხვალ უკვე სხვა უფლებებზე გადაინაცვლებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს უკვე მიზნად აქვს დასახული", - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე.

მისივე თქმით, კულტურის შესახებ კანონში ეს ჩანაწერი დღესაც არსებობს თუმცა ის მკვდარ ნორმას წარმოადგენს, რადგანაც მისი აღსრულების შესაძლებლობა არ არსებობს. იმის გამო რომ ახალი კანონპროექტით სასამართლოს ამ დავების გადაწყვეტის უფლება მიეცემა, მას შესაძლოა ცენზურის შემოღების ეფექტი ჰქონდეს.

____________

გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელ, გიორგი ბერაიას ჯორდანო ბრუნოს მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ის იმ გამოხატვისთვის დაისაჯა, რაც დღეს უკვე საყოველთაო ჭეშმარიტებაა.

გამოხატვის თვისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებაში დისკუსია, მსჯელობა გააღვივოს და ამის შემდეგ ადამიანები მივიდნენ გარკვეულ დასკვნამდე. ამ პროცესში გარკვეული გამოხატვა უმრავლესობისთვის შეიძლება აღმაშფოთებელი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია. საზოგადოების განვითარება, შეხედულებები იცვლება დაა ერთ დროს რაც სრულიად მიუღებელი იყო, ხვალ შეიძლება ხვალ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება გახდეს. ამიტომ, როდესაც სახელწიფო ახდენს გარკვეული გამოხატვის სანცირებას, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ბევრი ადამიანისთვის შეიძლება მეათასეხარისხოვანი იყოს რა დაეხატება კონკრეტულად პრეზერვატივს, მაგრამ აქ საუბარია ზოგად სტანდარტზე. დღეს შეიძლება იყოს პრეზერვატივი, ხვალ კლუბის სახელი და ა.შ.", - ამბობს ბერაია.

კომენტარები