გამოხატვის თავისუფლება

ლომჯარია: სახელმწიფო მშვიდობიან აქციებს შლის და განსხვავებულად რეაგირებს მოძალადე ჯგუფებზე

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მშვიდობიანი აქციები რამდენჯერმე დაშალა, ის განსხვავებულად რეაგირებს ძალადობრივ ჯგუფებზე.

ნინო ლომჯარიას თქმით, სამართალდამცავებს იმ ჯგუფებსაც, რომლების მიზანი მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლაა, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირებად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალადობრივ ფორმებს იყენებენ.

"იყო აქციები, როცა პოლიციამ გამოიყენა მკაცრი ზომები და ძალისმიერი საშუალებები და იყო აქციები, მათ შორის განსაკუთრებით კონტრაქციები, როცა ერთი მხარე ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მაგრამ სამართალდამცავები ორივე ჯგუფს განიხილავენ როგორც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირებს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ერთი ჯგუფის მიზანია ხელი შეუშალოს მეორე ჯგუფს გამოხატვაში, შეკრებაში, იყენებენ ძალადობრივ ფორმებს და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მოხდა კონტრაციების შემთხვევებში ბოლო აქციებზე და იგივე ხდებოდა ლგბტ პირთა უფლებადამცველების მიმართ მიმდინარე წლის ზაფხულში", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახელმწიფოს მხრიდან მოძალადე ჯგუფების მიმართ განსხვავებულ მიდგომებზე საუბრისას, ნინო ლომჯარიას მოჰყავს თბილისი პრაიდის, ასევე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლის მცდელობებიც.

"ამ შემთხვევებში არაერთ ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებაში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა.

ამის მაგალითად ომბუდსმენი ასახელებს 20-21 ივნისის აქციასაც. ნინო ლომჯარიას თქმით, გამოიკვეთა რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე და შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

"მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი საუბრობს 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციების ძალის გამოყენებით დაშლაზეც. ნინო ლომჯარიას თქმით, ამ აქციებზე, 20 ივნისისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქი საშუალებები გამოიყენეს, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენი მიუთითებს პანკისის ხეობაში აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზეც, რომლის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

"ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის", - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

კომენტარები