სპეცოპერაცია კლუბებში

ბრძოლა ბასიანისთვის - 27 მაისს აქცია გაიმართება

ბასიანი

27 მაისს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე ბასიანი სხვა კლუბებთან ერთად აქციას გამართავს. 

"თუ BASSIANI-ის კარი არ გაიღება 1 ივნისამდე, ფინანსური ზარალის გამო შესაძლოა დაიხუროს, თუმცა მისი კარი ყოველთვის ღია იყო თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანისთვის. 

დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენსკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი.

დაარსების დღიდან, ჩვენი სფერო მხარს უჭერდა სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო მოძრაობებს, ხელს ვუწყობდით ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს, სწორედ ამიტომ, 12 მაისის “შავი პარასკევის” საპოლიციო ტერორი, არ იყო ტერორი მხოლოდ საკლუბო სივრცეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფზე, ვინც მხარში გვიდგას და ჩართულია უთანასწორობასთან ბრძოლაში. 

27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით გააპროტესტებს მათთან არსებულ პრობლემებს. 

შემოგვიერთდით, ჩვენ ჩვენი ბრძოლა გვაქვს, BASSIANI / HOROOM-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა - ევროპის მოედანზე. 

თბილისის საკლუბო სცენა, საფრთხეშია.

დღეს ჩვენი ბრძოლა ნიშნავს, ბრძოლას სოციალური ცვლილებებისთვის

გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში!", - ნათქვამია კლუბების განცხადებაში. 

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. ბასიანსა და გალერიში სამართალდამცველები შეიჭრნენ და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. 

მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. 

14 მაისს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გაიმართა სასამართლოც - დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანს მხოლოდ ნივთიერება მდმა ჰქონდა.

12 მაისს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით ადამიანმა აქციაზე "ჩვენი თავისუფლებისთვის" სწორედ წინა ღამით მომხდარი გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. იმ დღეს გახარია განცხადებებს არ გამოხმაურებია, კომენტარი მხოლოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა და თქვა, რომ "ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება". 

აქციაზე შეკრებილ ადამიანებს გიორგი გახარია 13 მაისის საღამოს შეხვდა. მანამდე პარლამენტის ორივე მხარეს ნეო-ნაცისტური, რადიკალური ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ ტერიტორიის "გათავისუფლება" უნდოდათ. 

13 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობასა და გახარიას შორის შედგა, აქცია დაიშალა. მინისტრმა აქტივისტებს სწორედ ორი საკითხის შესრულების დაპირება მისცა: რომ იმსჯელებდნენ 12 მაისის ღამით მომხდარზე, დაისჯებოდნენ ისინი, ვინც გადაცდომა ჩაიდინა და რომ განიხილებოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან, მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, პარლამენტის შენობის შიდა ეზოს გავლით, ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალნენ. 

კომენტარები