სპეცოპერაცია კლუბებში

12 მაისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პირველი არხი

12 მაისის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ 8 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულთა ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ არც ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა, ამიტომ ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ოპერატიულ მასალაზე ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას ითხოვენ.

სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომელიც სწორედ დაკავებულების პატიმრობას ითხოვდა. 

პროკურატურის დეტალური განცხადება საქმეზე წაიკითხეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებულია, შსს-ს თქმით, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

კომენტარები