ღაზას სექტორი

ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 28 პალესტინელი დაიღუპა

Reuters

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ძალებსა და პალესტინელ მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას 28 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით დაღუპულთაგან 3 შეიარაღებული ამბოხებული იყო, რომლებიც საზღვარზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას ცდილობდნენ.

დაშავდა 900-მდე ადამიანი, მათ შორის 450-ს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს.

შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გასხნას აპროტესტებენ. მათ საბურავები დაწვეს.

ისრაელის სამხედრო ძალებმა სექტორის ტერიტორიაზე ბროშურები ჩამოყარეს, რომელიც პალესტინელებს აფრთხილებს არ იქცნენ ჰამასის იარაღად და არ მიუახლოვნენ ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის დაზიანებულ საზღვარს.

დღეს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო იხსნება. გახსნაზე დასასწრებად ისრაელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი ჩავიდნენ.

საელჩო ჯერ-ჯერობით იერუსალიმში აშშ-ის საკონსულოს შენობაში განთავსდება, თუმცა მოგვიანებით ახალ შენობაში გადავა.

გახსნაზე უცხოელი დიპლომატებიც არიან მიწვეული, თუმცა მათი ნაწილი ტრამპის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ცერემონიას არ დაესწრება.

გავრცელებული ცნობით, გასხნის ცერემონიაზე დონალდ ტრამპი ვიდეო კავშირით ჩაერთვება.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გასული წლის 6 დეკემბერს აღიარა და განაცხადა, რომ აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა ქვეყანას მოუწოდა შეუერთდნენ აშშ-ს და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ. გვატემალა იერუსალიმში საელჩოს გახსნას ოთხშაბათს გეგმავს, ხოლო პარაგვაი მიმდინარე თვის მანძილზე.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ტრამპის გადაწყვეტილებას "საუკუნის სილის გაწნა" უწოდა.

მარტის შემდეგ ღაზას სექტორთან პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაებების შედეგად 73 პალესტინელი დაიღუპა. გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველები ისრაელს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ისრაელის არმიის განცხადებით ღაზას სექტორში მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება.

კომენტარები