ღაზას სექტორი

"გვითხრეს, რომ სახლის დასატოვებლად 5 წუთი გვქონდა" – პალესტინელი ისრაელის თავდასხმაზე

ადგილობრივი ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის დაზვერვის წარმომადგენელმა დაურეკა და უთხრა, რომ მაცხოვრებლებს შენობა 5 წუთში უნდა დაეტოვებინათ.

"ველაპარაკე ხაზზე მყოფ პიროვნებას, მან მითხრა, რომ ის ისრაელის დაზვერვის წარმომადგენელია და რომ სახლის დასატოვებლად ხუთი წუთი გვქონდა" - თქვა ადგილობრივმა.

ადგილობრივი პალესტინელის თქმით, მან ისრაელის წარმომადგენელს უთხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან შენობა შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირებით იყო სავსე.

"არა. სასწრაფოდ დატოვეთ შენობა" - თქვა დაზვერვის წევრმა.

ადგილობრივებმა 8 ოჯახის ევაკუირება მოახერხეს და შენობაზე თავდასხმას არავინ ემსხვერპლა, თუმცა იმავე ღამეს ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ისლამური ჯიჰადის სამი ლიდერი და, სულ მცირე, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ოთხი ბავშვია.


ისლამური ჯიჰადის სპიკერმა ტარექ სელმიმ განაცხადა, რომ ისრაელის "დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება".

"დაბომბვას დაბომბვით ვუპასუხებთ, თავდასხმას კი თავდასხმით". - თქვა მან.

ღაზის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. მისივე ცნობით, ისრაელმა იერიშები საცხოვრებელ უბნებზე მჭიდროდ დასახლებულ ზოლში მიიტანა, სადაც 365 კვადრატულ კილომეტრზე 2.3 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში 40 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

კომენტარები