სპეცოპერაცია კლუბებში

ბაქრაძე: მთავრობა უნდა იცავდეს ახალგაზრდებს ნარკოტიკისგან და პოლიციური ძალადობისგან

ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის ძალიან დაგვიანებული კომენტარი. ეს არ გახლდათ მთავრობის მეთაურის სამოქმედო ან საქმიანი განცხადება, ეს კეთილი სურვილებით გაჯერებული პოლიტიკური კომენტარი იყო.

ის საუბრობს ნარკოტიკების გავრცელების შეზღუდვაზე და პოლიტიკის გადახედვაზე, მაგრამ ამას სჭირდება არა საუბარი, არამედ რეალური ბრძოლა ნარკოტიკების გამავრცელებლებთან, რასაც არაფერი აქვს საერთო მთავრობის მიერ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რომელიც უბრალოდ იქ მისული ახალგაზრდების დარბევა იყო.

პრემიერ მინისტრი საუბრობს გამოხატვის თავისუფლებაზე, იმ პირობებში, როცა მთელი დღე რუსთაველის გამზირი საომარი ბატალიების არენად იყო გადაქცეული. ჩვენ ვხედავთ უაღრესად საგანგაშო დაპირისპირებას ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს შორის, მათ შორის, პირველ რიგში მთავრობისგან წახალისებული მოძალადე ჯგუფების მონაწილეობით.

პრემიერ მინისტრი არაფერს ამბობს, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა, როგორ უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკების გამავრცელებლებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას პოლიციის იმ ოპერაციაზე, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ნარკოტიკებთან ბრძოლასთან, როგორ უნდა ავლაგმოთ ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში ხელისუფლებიდან იმართებიან.

ეს იყო სადღეგრძელო. საქართველოს კი დღეს ქმედითი მთავრობა სჭირდება, რომელიც გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ. გვჭირდება მთავრობა, რომელიც დაიცავს ახალგაზრდებს როგორც ნარკოტიკისგან, ისე პოლიციური ძალადობისგან.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ეხმაურება პრემიერმინისტრის განცხადებას კლუბებში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

კომენტარები