სპეცოპერაცია კლუბებში

რესპუბლიკელები: სადამსჯელო სპეცოპერაციების ნაცვლად, უნდა შეიმუშაონ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა

"12 მაისს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოდანაშუალის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ჩატარებული სპეცოპერაცია წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების, სახელისუფლებო ძალის დემონსტირების და პრობლემასთან ბრძოლის სრულიად არაადეკვატურ ფორმას." - რესპუბლიკური პარტია გვიან ღამით კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სადამსჯელო ღონისძიებების სახით სპეცოპერაციების ჩატარების ნაცვლად, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ჰუმანური, მწყობრი ნარკოპოლიტიკა, რომლის მიზანი იქნება პრობლემის რეგულირება, ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების დაკავება.

"ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები ნარკოტიკების გავრცელებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკანასკნეკლ პერიოდში მომხდარი ფაქტების ფონზე. თუმცა, რეალურად ჩვენ ვხედავთ არა პრობლემის გადაჭრის მცდელობას, არამედ ღამის კლუბებისგან ერთგვარი მტრის ხატის შექმნისა და მათი გარყვნილების ბუდედ წარმოჩენის მიზანმიმრათულ მცდლობებს. ეს იმ დროს, როდესაც სამართალდამცავების რეპრესიები ეხება ძირითადად მომხმარებლებს და გამსაღებელთა დაბალ რგოლს, ხოლო ნარკორეალიზატორები და მათი სავარაუდო მფარველები, კვლავ, ხელშეუხებელი არიან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია სასიცოცხლო საკითხია, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასტიკი და მკაცრი მეთოდებით ბრძოლა პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით - აღრმავებს, რადგან მოქმედება გადადის ფარდის მიღმა, მიწიშქვეშეთში. ნარკოტიკებზე მოთხოვნა არ მცირდება და ხოლო ხელისუფლების მსგავსი მიდგომის გამო იზრდება ფატალური შედეგების რიცხვი. ცალსახად დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამოიხატა მისი პირადი მინისტრის, გიორგი გახარიას, მიერ “მკაცრი ხელის” პოლიტიკის გამოვლენით.
ხელისუფლების უსამართლო მეთოდები კი გარდაუვლად იწვევს საქართველოს საზოგადოების ადეკვატურ საპასუხო რეაქციას და სრულდება ხელისუფლების მარცხით. და ბოლოს, თბილისი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ქალაქი თანამედროვე კლუბური ცხოვრებით, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. სპეცოპერაციის მეთოდებით ხელისუფლებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენ საერთაშორისო იმიჯს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ფუნქციაა იზრუნოს თითოეულ ადამიანზე, მათ შორის მომხმარებელზე!" - წერია განცხადებაში.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა და შსს-ს ინფორმაციით 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

კომენტარები