სირია

ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ სირიაში მათი პოზიციები დაბომბა

Reuters

ისრაელის განცხადებით მათმა ძალებმა სირიაში არსებულ ირანის ძალების ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს დარტყმები. გავრცელებული ცნობით, დარტყმები ირანის იარაღის საწყობებზე და ტექნიკურ და სადაზვერვო ცენტრებზე განხორციელდა.

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით არმიის ანტისარაკტო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების ჩამოგდება შეძლო, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით რაკეტების ნაწილმა მიზანს მიაღწია. ირანული მხარე კომენტარს არ აკეთებს.

ისრაელის ეს ქმედება ირანის მიერ სირიის ტერიტორიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გასროლას მოჰყვა. ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ისრაელის განცხადებით ზარალი მინიმალურია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ირანთან ომის დაწყებას არ ნიშნავს და რომ ამით ისრაელმა ირანს მესიჯი გაუგზავნა: "თუ ისრაელში იწვიმებს, ირანში თავსხმა იქნება" განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სირიული მედიის მიხედვით 9 მაისს სამთავრობო ძალებმა ისრაელიდან დამასკოს მიმდებარედ სირიის არმიის პოზიციების მიმართულებით გასროლილი ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

სირიის მთავრობა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების თქმით დაიღუპა 15-მდე ადამიანი, მათ შორის 8 ირანელი მებრძოლი.

გასულ კვირას სირიაში სამთავრობო ძალების ბაზებზე, რომელსაც სირია, ირანი, ჰეზბოლა და მათი მოკავშირე ძალები იყენებენ, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი, უმეტესობა ირანელი მებრძოლი. დაშავდა 60-ზე მეტი.

გავრცელებული ცნობით სარაკეტო დარტყმები ისრაელმა განახორციელა.

კომენტარები