პრეზიდენტი პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 2 მაისს წარსდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2 მაისს წარსდგება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომი პროცედურები განმარტა.

"რეგლამენტით გათვალისწინებულია ორი ფორმატი - ფრაქციების გამოსვლები და პოლიტიკური დებატები. ტრადიციულად იყო ხოლმე მოთხოვნა პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე, ამჯერად არც პრეზიდენტის და არც ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა და ამავე რეჟიმში წარვმართოთ ამ საკითხის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, დებატების გამართვის შემთხვევაში სიტყვა ეძლევათ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებას პოლიტიკური დებატების გამართვასთან დაკავშირებით და ამ საკითხს მხარი დაუჭირეს. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პირველ რიგში დამოუკიდებელ დეპუტატებს დაეთმობათ, მათ შემდეგ 15-წუთიანი რეგლამენტით ფრაქციები ისარგებლებენ, 45-45 წუთი გამოიყოფა საპარლამენტო უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის. პოლიტიკური დებატები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებით დასრულდება.

პარლამენტის პლენარული სხდომა 2 მაისს 12.00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება.

კომენტარები