საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, დაკავებულია 20 მომიტინგე

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პოლიციამ 20-მდე მომიტინგე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხეთის ოფისი ადგილობრივ შინაგან საქმეთა უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რადიო თავისუფლების ცნობით, პოლიციელებმა მომიტინგეები სამთავრობო შენობების ალყაში მოქცევის მცდელობის შემდეგ დააკავეს. დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობასთან გადანაცვლება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინ ოპოზიციური მოძრაობის "ახალი ნაბიჯის" ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა მათ მოუწოდა, დღეს დილით შეკრებილიყვნენ მთავრობის სახლთან და ალყაში მოექციათ ის, რათა მინისტრებს არ ჰქონოდათ საშუალება, დასწრებოდნენ სერჟ სარგსიანის მიერ გამართულ პირველ მთავრობის სხდომას. 

რადიო თავისუფლების ადგილობრივ ოფისს სომხეთის პოლიციაში უთხრეს, რომ 20 აქტივისტი მაშინ დააკავეს, როცა ცდილობდნენ, მთავრობის სახლის შესასვლელი განებლოკათ. დემონსტრანტებმა პოლიციას მოუწოდეს, იარაღი დაეყარათ და შეერთებოდნენ აქციას, რომელიც საგრსიანის, როგორც პრემიერმინისტრის მმართველობას აპროტესტებს. 

შინაგან საქმეთა უწყების წარმომადგენლებმა დღეს დილით განცხადება გაავრცელეს, სადაც მოქალაქეებს "განსაკუთრებით დაცული ტერიტორიები" გააცნეს და გააფრთხილეს დემონსტრანტები, რომ არ შესულიყვნენ უკანონოდ სამთავრობო შენობებში ან სხვა მსგავს დაწესებულებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გამოიყენებდნენ "კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ზომებს". 

განცხადებაში ასევე ეწერა, რომ თავდასხმის ან თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, სამართალდამცავებს შეეძლოთ, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები, მათ შორის იარაღი, რათა დაეცვათ "განსაკუთრებით დაცული ობიექტები".

ფაშინიანმა განაცხადა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების უფლება. 

რადიო თავისუფლების ცნობით, ერთერთ სამთავრობო შენობასთან მომუშავე ჟურნალისტს, რომელიც სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მუშაობს, დღეს აქციის გაშუქებისას სცემეს და თავზე მიყენებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს რამდენიმე საათით. 

ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

გუშინ პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა. მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ამბობს, რომ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკადაში მოქცევასაც გეგმავენ. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები