საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

ურთიერთობების დალაგება თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რეპატრიაცია და სხვა - ფაშინიანის გეგმები

AP

სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გუშინ, 9 მაისს პრესკონფერენცია გამართა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ფაშინიანის ერთერთი ინიციატივა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზად არის, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან ყოველგვარი წინასწარი დათქმების გარეშე. 

"თურქეთის მოთხოვნები ალოგიკურია, რადგან ალოგიკურია, ერთ ქვეყანასთან ურთიერთობის დასამყარებლად აყენებდე მესამე ქვეყანასთან დაკავშირებულ მოთხოვნას. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და მზად ვართ, დავამყაროთ ურთიერთობა პირობების გარეშე. ამავდროულად, კვლავაც ვიზიარებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სომხების გენოციდის ფაქტს,"- თქვა ფაშინიანმა. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მადრიდის პრინციპებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებაზე მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა ფაშინიანის განცხადებით, ისინი არ უნდა ხელმძღვანელობდნენ სტერეოტიპებით. 

"ჩვენ უნდა გავიგეთ, რომ მიზანი არის არა მოლაპარაკებები, არამედ პრობლემის გადაჭრა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ და ვიპოვნოთ ეფექტიანი საშუალებები პრობლემის მოსაგვარებლად,"- განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მხარდაჭერას ელის ის სომხური დიასპორისგან, ფაშინიანმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: "რეპატრიაცია". მისი თქმით, "დიდებული რეპატრიაცია სომეხი ხალხის იდეოლოგია უნდა გახდეს" და სომხეთის დღის წესრიგში მთავარი საკითხი უნდა იყოს, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. 

"ეს შეიძლება იყოს კაპიტალის რეპატრიაცია, იდეის რეპატრიაცია, პროექტების რეპატრიაცია და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანების რეპატრიაცია,"- განაცხადა ფაშინიანმა. 

მისი განცხადებით, სომხეთის არსებობის მიზანი მთელი სომხეთის ადამიანური, ფინანსური, ეკონომიკური, ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალის საკუთარ ტერიტორიაზე ცენტრალიზაციასა და მისი უსაფრთხოების დაცვასა და ნორმალურ განვითარებაში მდგომარეობს. 

"ეს არის კონცეფცია, რომლის რეალიზებაც მე ყველა სომეხის ერთობლივი ძალისხმევით მგონია შესაძლებელი. იმედი მაქვს, რომ ეს იდეა იქცევა სომეხი ხალხის ეროვნულ იდეოლოგიად,"- თქვა ფაშინიანმა. 

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ფაშინიანის განცხადებით, მოქმედი სისტემა არღვევს ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის, შესაბამისად, ის და მისი პოლიტიკური გუნდი ამ სისტემის შეცვლას შეეცდება. 

"ჩვენი მთავრობა მიიღებს ზომებს, რომ დაბალანსდეს ხელისუფლება პრემიერს, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის,"- განაცხადა მან. 

ამასთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებში, ფედერიკა მოგერინისა, და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  

ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რომ მასთან პირად შეხვედრას "მოუთმენლად ელიან". მოგერინიმ ფაშინიანს შესთავაზა, პირველივე შესაძლებლობაზე ეწვიოს ბრიუსელს. 

ოფიციალურმა პირებმა პრემიერმინისტრად არჩევის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს, მათ შორის მთავრობის მომავალ ფორმირებასა და ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებაზე. ამასთან, მათ მოკლედ განიხილეს სომხეთის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის, ყარაბახის კონფლიქტზე, რომლის მშვიდობიანი მოგვარებაც, მოგერინის თქმით, ევროკავშირის პირველად მიზნად რჩება. 

ოპოზიციური მოძრაობისა და სომხეთში საპროტესტო გამოსვლების ინიაციატორი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა 59 ხმით პრემიერმინისტრად 8 მაისს დაამტკიცა. თუმცა, მანამდე, ერთი კვირით ადრე, პარლამენტში მისი კანდიდატურა 55 ხმით 44-ის წინააღმდეგ ჩავარდა. ორივე შემთხვევაში ფაშინიანი პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა ოფიციალურად 30 აპრილს, ოპოზიციურმა ალიანსმა, იელკმა წარადგინა. 

სომხეთის პრემიერმინისტრის ხელახლა კენჭისყრა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სერჟ სარგსიანი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა. 

სომეხი ხალხი ფიქრობდა, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩებოდა, ძალაუფლებას სამუდამოდ შეინარჩუნებდა, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცა, პრემიერმინისტრისა კი - გაიზარდა. საპროტესტო აქციებს ფაშინიანი უძღვებოდა. 

კომენტარები