ყალბი დოკუმენტები

თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 1 პირი დააკავეს

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობისა და დიდი ოდენობით ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი თემურ ფ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა.

"გამოძიებამ დაადგინა,რომ  თემურ ფ-მ მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა- 14 302,96 ლარი. მან 2017 წლის 14 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში  ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარდგენილ აქტებში, ყალბი მონაცემები შეიტანა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა  და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის  180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის ინფორმციითვე, ამავე საქმეზე, 2018 წლის 21 მარტს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა გურჯაანის მერიის ყოფილი და მოქმედი  შვიდი თანამშრომელი:  დიმიტრი კ., ნოდარ შ.,, დურმიშხან ა., თეიმურაზ ბ., გიორგი ა.,  ივანე ქ.  და დიმიტრი ა., რომლებმაც "სამუშაოების შემოწმებისას არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო." გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები