ყალბი დოკუმენტები

პროკურატურამ აჭარაში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. 

პროკურატურამ იმავე მუხლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარეს თ.მ.-ს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს, სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს რ.ვ.-ს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორმა ო.ბ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის რ.ვ.-ს ხელმოწერით, ექსპერტის ბ.მ.-ს მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის თ.მ.-ს მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორი ო.ბ. უსაფუძვლოდ, მოტყუებით დაეუფლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 82 439 ლარს.

ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბ.მ.-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.მ.-ს და რ.ვ.-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარედგინათ.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს დაკავებულ ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები