მონტენეგრო

მონტენეგროში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მილო ჯუკანოვიჩმა გაიმარჯვა

Reuters

კვირას მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 61.6%-მა მიიღო.

ხმების 53,9% მონტენეგროს სოციალისტების დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, 56 წლის მილო ჯუკანოვიჩმა მოიპოვა. ჯუკანოვიჩი მონტენეგროს პრეზიდენტის პოსტს 1998-2002 წლებში იკავებდა, ხოლო პრემიერ მინისტრის პოსტზე ოთხი ვადით 1991-1998, 2003-2006, 2008-2010 და 2012-2016 წლებში მსახურობდა.

ჯუკანოვიჩის განცხადებით მისი გამარჯვება "მონტენეგროს ევროპული მომავლისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენს."

ოპოზიციის კანდიდატები ჯუკანოვიჩს ნეპოტიზმში, კორუფციაში და კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებდნენ, რასაც ის უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მონტენეგრო NATO-ში გაწევრიანდა. ჯუკანოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მუშაობას გააგრძელებს.

კომენტარები