ქართული ოცნება

კობახიძე Freedom House-ის ანგარიშზე: კვლევა ტენდენციური და მიკერძოებულია

პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის სპიკერმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, Freedom House-ის გუშინ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში გააკრიტიკა, სადაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. 

კობახიძე "ღიმილის მომგვრელს" ეძახის იმ შენიშვნებს, რაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი. მისივე თქმით, კვლევა ტენდენციურია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორებს არსებითად უჭირთ შინაარსობრივად საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკება, აშკარად იკვეთება მიკერძოება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ანგარიშის დეტალებზე საუბრით არ გადაგღლით, ყურადღებას გაგამახვილებინებთ მხოლოდ მის რამდენიმე ასპექტზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ფუნდამენტური წინსვლა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემატური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე და ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა. 

ამ ფონზე, ანგარიშის მიხედვით, 7-ბალიან შკალაში მხოლოდ 0.12-ით არის გაზრდილი საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. 

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც ბუნებრივია ღიმილის მომგვრელია. 2012 წლის მონაცემები იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედია გარემოზე. 2004-12 წლებში სამივე ეროვნული მაუწყებელზე - რუსთავი 2-ზე, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უკანონო გზით, გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ brainwashing-ს, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ.

საინტერესოა, რომ ანგარიშში, ასევე, გაკრიტიკებულია სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ზე, საკუთრების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ნაციონალურმა მოძრაობამ წაართვა ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისათვის. ამ ყველაფრის ფონზე, მედიის თავისუფლების კატეგორიაში 2012 წლისა და დღეის მონაცემების იდენტურობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს. 

იგივე შეიძლება ითქვას, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სადაც ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობა არის 0.25-ით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე სასამართლოს მოცემულობა იყო სასამართლოს სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლის სამართლებრივი განაჩენები ათასობით და ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ. სასამართლო დამატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირების დევნის ინსტრუმენტად, ასევე პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად

2012 წლის შემდეგ სასამართლო განთავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან, მომენტალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა. სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და ადამიანების უფლებების უხეშად დარღვევის საშუალებად. ამ ფონზე კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია.

ასევე, გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო განვითარების ნაწილში. თუ 2012 წლამდე საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო კვლევის რეიტინგზე, თუმცა შესაბამისი კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს.

შემაშფოთებელია ანგარიშში წარმოდგენილი მოსაზრება, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილები პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ და ამ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაც არის, თუმცა ეს მხარდაჭერა დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც ობიექტურ მიზეზთა გამო, აღარ არის საინტერესო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. აღნიშნული ფონიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ფრაზა ჩვენთვის გაკვირვებას იწვევს.

ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი ჩვენს ქვეყანაში. საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველსაა მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა პანორამა თბილისის შესახებ, რომელიც ასევე, მოკლებულია დასაბუთებას. ანგარიში იმეორებს რუსთავი 2-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, სასამართლო ხელისუფლებას ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ჩვენს სასამართლოს ამ საქმესთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია.

ანგარიშიდან იკითხება, რომ ავტორები ეყრდნობიან იმ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციურობით ყოფილი ხელისუფლების მიმართ. არსებობს ლიბერალური, უფრო სწორად, ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა.

მე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლას არავითარი საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ვიტყოდი, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად, სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა და ამავდროულად ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ქართულ ეკლესიებს და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Freedom House-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მორიგი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის კვლევას ეხება, საუბარია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე და ქვეყანაში არსებულ ჰიბრიდულ დემოკრატიაზე.

კვლევაში, სახელწოდებით "ლიბერალიზმის დაპირისპირება", საქართველოზე თავს "არაფორმალური მმართველობა: კაცები ფარდებს მიღმა" ეწოდება. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 7-დან 4.68 ქულა აქვს (რითიც მე-19 ადგილს იკავებს და გარდამავალი ქვეყნების ჯგუფში რჩება). დემოკრატიის ინდექსი ბოლო 2 წლის მანძილზე 4.61 იყო. Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყნებში არსებული დემოკრატიები 1-დან 7 ქულამდე არიან შეფასებულები, სადაც საუკეთესო მაჩვენებელი 1-ია, ხოლო ყველაზე ცუდი - 7. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მართალია ფორმალურად არცერთ თანამდებობას არ იკავებს, თუმცა მისი გავლენა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მაღალია: 

"მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან მოსვლიდან 1 წლის შემდეგ, 2013 წელს გადადგა, თუმცა ის კვლავ აკონტროლებს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, რომელიც მისი კომპანიების თანამშრომლებით ჰყავს დაკომპლექტებული. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები თბილისის განვითარების გეგმები ქართულ პოლიტიკას ბუნდოვანს ხდის".

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ იმ ფონზე, როცა ევროპაში უკუსვლაა, არ არის გასაკვირი, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და ყირგიზეთი "ავტორიტარიზმის რისკის წინაშე დგანან".

ამასთან, საქართველო ჰიბრიდული დემოკრატიების მქონე ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნები დემოკრატიული წესით ტარდება, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია.

კომენტარები